date

2025-03-19

გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება სოციალური პლატფორმების მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესახებ


გაერთიანებული სამეფოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სოციალური ქსელების (“TikTok”-ი, “Reddit”-ი, “Imgur”-ი) მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით აღნიშნული პლატფორმების პოლიტიკის შესწავლა დაიწყო, რაც  ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მონაცემთა სხვადასხვა დამუშავების პროცესების გაერთიანებული სამეფოს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ შესაბამისობის დადგენას ემსახურება.[1]

აღსანიშნავია, რომ სოციალური პლატფორმა “TikTok”-ის მიმართ საზედამხედველო ორგანო 13-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის შესათავაზებელი სოციალური პროდუქტების შინაარსის დამდგენი ალგორითმის შეფასებას, ხოლო “Reddit” და “Imgur”-ის შემთხვევაში - არასრულწლოვანთა მონაცემების ფართო მოცულობით გამოყენებისა და მონაცემთა სუბიექტის ასაკის უზრუნველყოფის მექანიზმის გამოკვლევას გეგმავს. საზედამხედველო ორგანომ მსგავსი ღონისძიებები გასულ წელსაც განახორციელა, რის საფუძველზეც მობილურ აპლიკაციებს “Sendit”-ის და “BeReal”-ს დაევალათ არასრულწლოვან მონაცემთა სუბიექტების ადგილმდებარეობის შესახებ  მონაცემის („გეოლოკაციის“) დამუშავების წესების განახლება.

საზედამხედველო ორგანოს პოზიციით, სოციალური პლატფორმების მიერ ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებასთან ერთად არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი ბავშვთა, როგორც მონაცემთა სუბიექტების, უფლებები და უნდა შემუშავდეს მექანიზმები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება ციფრულ გარემოში მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] ICO launches investigation into how social platforms use children's personal data, <iapp.org> [06.03.2025].

მსგავსი #Datanewsroom