ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-29

„მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ“ (“EDPB”) 2024-2027 წლების სტრატეგიის დოკუმენტი დაამტკიცა


2024 წლის 18 აპრილს, „მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ“ (“EDPB”) პლენარულ სხდომაზე  2024-2027 წლების სტრატეგიის დოკუმენტი მიიღო.[1] მასში წარმოდგენილია საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და შემდეგი მიმართულებები:

 

  • „ჰარმონიზაციის გაძლიერება და შესაბამისობის ხელშეწყობა“ (Enhancing Harmonisation and Promoting Compliance”):

„მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ მიზანია, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის თანმიმდევრული გამოყენებისა და ეფექტიანი აღსრულების მიზნით. მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხელშესაწყობად, ომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საბჭო სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის შეიმუშავებს საინფორმაციო სახელმძღვანელო დოკუმენტებს. გარდა ამისა, საბჭო, ასევე, შეისწავლის და შეაფასებს სამართალდაცვითი მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და დამუშავების კანონიერებას.

 

  • აღსრულების ერთიანი კულტურის განმტკიცება და ეფექტიანი თანამშრომლობა (“Reinforcing a Common Enforcement Culture and Effective Cooperation”):

აღსრულების სფეროში თანამშრომლობა „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოსთვის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საბჭო განაგრძობს . . „ვენის განცხადებაში“[2] ჩამოყალიბებული ხედვის მხარდაჭერას და შემდგომ განავითარებს შესაბამის ინიციატივებს კოორდინირებული აღსრულების მექანიზმების, ერთგვაროვანი პროცედურული წესებისა და მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით.

 

  • ციფრულ გარემოში მონაცემთა დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა (Safeguarding Data Protection in the Developing Digital and Cross-Regulatory Landscape“):

ევროკავშირის კანონმდებლობისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, აღსანიშნავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა ინტერდისციპლინურ და ურთიერთმფარავი რეგულირების („cross-regulatory“) კონტექსტში. საბჭო მიზნად ისახავს ციფრული სფეროს სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობას იმგვარ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დაცვის ევროპული სტრატეგია და ციფრული სერვისების პაკეტი. ამასთანავე, საბჭო მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიებისადმი ფიზიკურ პირებზე ორიენტირებული მიდგომის პოპულარიზაციას.

 

  • მონაცემთა დაცვის საკითხებზე სადისკუსიო პლატფორმის მხარდაჭერა გლობალური მასშტაბით (Contributing to the Global Dialogue on Data Protection):

 

მონაცემთა სუბიექტების უფლებათა ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭო“ მიზნად ისახავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გლობალური სადისკუსიო პლატფორმების ხელშეწყობას. აღნიშნულში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 

„მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ თავმჯდომარე ― ანუ ტალუსი მიიჩნევს, რომ 2024-2027 წლების სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, პასუხობს მუდმივად განვითარებადი ციფრული გარემოსდა მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებს. „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭო“ ყოველწლიურ ანგარიშში დეტალურად შეაფასებს სტრატეგიის სამოქმედო გეგმით მიღწეულ პროგრესს.

 

<[1]https://www.edpb.europa.eu/news/news/2024/edpb-sets-out-priorities-2024-2027-and-clarifies-implementation-dpf-redress_en>.

[2] აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 28 აპრილს „მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ“ შეიმუშავა წინადადება ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ ეფექტიანი აღსრულების მიზნით საბჭოს წევრ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა შორის თანამშრომლობის შესახებ. Statement on enforcement cooperation, adopted on 28 April 2022, <https://www.edpb.europa.eu/our-work-tools/our-documents/statements/statement-enforcement-cooperation_en>.

მსგავსი #Datanewsroom