ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-01

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (“ECtHR”) პერსონალური მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო


2024 წლის 16 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (“ECtHR”) საქმეზე “Borislav Tonchev v. Bulgaria”[1] მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც  საპოლიციო სისტემაში პერსონალური მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვას შეეხება.

  • ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანს წარმოადგენს 1981 წელს დაბადებული, ბულგარეთის მოქალაქე. 2004 წლის ივნისში, იგი დაინიშნა ბადრაგის პოზიციაზე, რა მიზნითაც მან მარტის თვეში  ნასამართლობის არარსებობის შესახებ ცნობა წარადგინა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2004 წლის  მაისის თვეში, განმცხადებელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით მას ჯარიმა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წელს, ბულგარეთის იუსტიციის სამინისტრომ სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მომჩივანმა წარადგინა განაცხადი, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელმა ლოვეჩის რაიონული სასამართლოს კრიმინალური ჩანაწერების ბიუროდან (“Lovech District Court’s criminal records bureau”) განმცხადებლის სისხლისსამართლებრივი ჩანაწერების თაობაზე ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გამოითხოვა. დოკუმენტში ასახული იყო ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო მომჩივანისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემები, რომლის საფუძველზე მას უარი ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე. ამასთანავე, 2013 წელს მომჩივანი გაათავისუფლეს ბადრაგის პოზიციიდან იმ არგუმენტით, რომ   წარსულში მასზე დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეუთავსებელი იყო მის მოქმედ თანამდებობასთან.

გასათვალისწინებელია, რომ ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა განადგურებულიყო, ხოლო ელექტრონული ფორმით შენახვაზე რაიმე მითითება არ არსებობდა.

აღნიშნული შემთხვევა შეაფასეს ბულგარეთის ადმინისტრაციულმა სასამართლომ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ. ბულგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით, მატერიალურ დოკუმენტაციასთან ერთად, ელექტრონული მონაცემებიც უნდა წაშლილიყო, რადგან ელექტრონული ფორმით მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვა ეწინააღმდეგებოდა ბულგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას. ადმინისტრაციულმა სასამართლომ მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მომჩივნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და აღნიშნული საფუძვლით მისი გათავისუფლება სადავოდ არ მიიჩნია.

 

  • მომჩივნის მოთხოვნა:

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“) დაყრდნობით, მომჩივანი დაობდა ადმინისტრაციულ სახდელთან დაკავშირებული ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვისა და აღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შესახებ, რადგან ბულგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმა იყო ორაზროვანი.

 

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შესაფასებლად  შემდეგი წინაპირობები განიხილა:

 

  • კანონთან შესაბამისობა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა უნდა იყოს „კანონის შესაბამისი“, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს უფლებაში ჩარევის შესაბამის სამართლებრივ საფუძველს. ამასთანავე, აღნიშნული კანონი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლომ შეაფასა, ადმინისტრაციულ სანქციასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შენახვის თაობაზე ბულგარეთის მომწესრიგებელი კანონმდებლობის განჭვრეტადობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა ადმინისტრაციული სახდელის შესახებ მატერიალური ჩანაწერების შენახვის ვადას, თუმცა არ აწესრიგებდა ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების საკითხს.

 

სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ადმინისტრაციული სასამართლოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს შეფასებების სხვადასხვაობაზე.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც არის ბუნდოვანი და წარმოშობს აზრთა სხვადასხვაობას, არ შეიძლება იყოს საკმარისად განჭვრეტადი. სასამართლოს შეფასებით, ეროვნულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ იმსჯელა „შენახვის ვადის შეზღუდვის“ პრინციპთან მონაცემთა ელექტრონული ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვის შესაბამისობაზე. აგრეთვე, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ეროვნული ადმინისტრაციული სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ადმინისტრაციული სახდელის თაობაზე მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვა აუცილებელი იყო იმ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომლის შესაბამისად დაუშვებელია, სამართალდამრღვევ პირს ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით დაედოს მსჯავრი. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამგვარი მიზეზის არსებობა მაინც არ ამართლებდა მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვა არ არის „კანონთან შესაბამისი“.

 

  • დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობა:

 

მომჩივნის მტკიცებით, პერსონალური მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვა, მიუხედავად მიზნისა, იყო არაპროპორციული. მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტაციით, მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და ემსახურებოდა შესაბამის სამართლებრივ მიზანს.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან მოცემული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა არ იყო „კანონთან შესაბამისი“, აღარ არსებობდა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის“ შეფასების საჭიროება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ საქმეზე “Borislav Tonchev v. Bulgaria” დაადგინა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევა.

 

[1] ECtHR, Case of Borislav Tonchev V. Bulgaria, Appl. No. 40519/15, 16 April 2024,

<https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-233106>, [26.04.2024].

მსგავსი #Datanewsroom