ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-02

გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის საჭირო წესების შემუშავების მესამე ეტაპი დაიწყო


გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ წესების შესამუშავებლად, საჯარო კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები დაიწყო. აღნიშნული პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. დაგეგმილი კონსულტაციების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სიზუსტის პრინციპთან, მონაცემთა დამუშავების ფორმასა და საფუძვლებთან მიმართებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესწავლა.

საზედამხედველო ორგანოს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების სიზუსტის პრინციპის გაუთვალისწინებლობამ, შეიძლება ყალბი, უკანონო და მონაცემთა სუბიექტის რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვიოს. საკითხის უკეთ შესასწავლად შესაბამისი სამუშაო ჯგუფი მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან  არაერთი სისტემატური ხასიათის შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.

გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიზნით, სათანადო წესების შემუშავებისთვის მოსაზრებების მიღება მიმდინარე წლის 10 მაისამდეა შესაძლებელი. ამ პერიოდში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობის მიღება  მონაცემთა სუბიექტებს, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და უფლებამოსილ პირებს, დარგის სპეციალისტებსა და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ. დღესდღეობით, საზედამხედველო ორგანოს შესწავლილი აქვს მონაცემთა დამუშავების მიზნის შეზღუდვის პრინციპის მოქმედება გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის შექმნისას. მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილი კონსულტაციები მონაცემთა დამუშავების შესახებ მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიღების უფლებას დაეთმობა.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად შეისწავლის ევროკავშირის „ხელოვნური ინტელექტის აქტს“.[1] ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის წევრებთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა ტექნოლოგიების სფეროზე.

 

წყარო:

https://ico.org.uk/about-the-ico/media-centre/news-and-blogs/2024/04/information-commissioner-s-office-seeks-views-on-accuracy-of-generative-ai-models/

 

[1] Council of the European Union, <https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-5662-2024-INIT/en/pdf>, [25.03.2024]. ევროკავშირის „ხელოვნური ინტელექტის აქტი (“AI Act”)  სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტია, რომლის მიზანია, სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნის, განვითარებისა და გამოყენების პროცესი. აქტის მოქმედება ვრცელდება ევროკავშირის მასშტაბით, წევრ ქვეყნებზე და მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის აქტი არ ვრცელდება სამხედრო, თავდაცვითი, ეროვნული უსაფრთხოების, კვლევისა და განვითარებისთვის შექმნილ ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე. აქტით განსაზღვრულია სხვადასხვა ვალდებულება ხელოვნური ინტელექტის სისტემების პოტენციური რისკებისა და ზეგავლენის დონის მიხედვით. მასში კლასიფიცირებულია “AI” სისტემების სამი ძირითადი ჯგუფი, რომელთა მიმართაც განსხვავებული მოთხოვნები და ვალდებულებებია დადგენილი (“unacceptable-risk, high-risk, limited-risk”). აქტი აერთიანებს 12 თავსა და 85 მუხლს.

მსგავსი #Datanewsroom