2025-05-14
„ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭომ“ „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის საშუალებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაცია გამოაქვეყნა
2025 წლის აპრილის პლენარულ სხდომაზე, „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭომ“ (EDPB) „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაცია გამოაქვეყნა.
„ბლოკჩეინი“ ერთგვარი ციფრული ჩანაწერების წიგნია, რომელიც კონკრეტული დროის მონაკვეთში ტრანზაქციების დადასტურებისა და ციფრული აქტივების (მაგალითად, კრიპტოვალუტა) ადრესატის დადგენის საშუალებას იძლევა. ტექნოლოგია უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხო დამუშავებასა და გადაცემას, ინარჩუნებს მათ სისწორესა და მიკვლევადობას.[1] ციფრული სისტემა, რომელიც დიდი მოცულობის ინფორმაციას უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ინახავს, სარგებლობს იმ უპირატესობით, რომ ერთხელ ჩაწერილი მონაცემის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და ტრანზაქცია ყველა მონაწილისათვის არის ხელმისაწვდომი.[2] მოცემული ტექნოლოგია ყველაზე ხშირად კრიპტოვალუტისათვის გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია მისი დანრეგვა ნებისმიერ სფეროში, სადაც ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა და გაზიარებაა საჭირო.
„ბლოკჩეინის“ გამოყენების ზრდის საპასუხოდ, საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციასთან შესაბამისობის მიღწევაში დაეხმაროს ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნულ ტექნოლოგიას იყენებენ. სახელმძღვანელო რეკომენდაციაში განხილულია „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის ტექნიკური მახასიათებლებსი და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე მათ გავლენა. ასევე, ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღება მონაცემთა დამუშავების ადრეული ეტაპიდანვე, ისე, რომ „ბლოკჩეინთან“ დაკავშირებულ მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართულ პირთა პასუხისმგებლობისა და ვალდებულების საკითხი განისაზღვროს მონაცემთა დამუშავების დაწყებამდე, პროექტის შემუშავების ეტაპზე.
სახელმძღვანელო რეკომენდაციის თანახმად, „მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება“ (DPIA) საჭიროა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა დამუშავებამ შესაძლოა წარმოშვას მაღალი რისკი მონაცემთა სუბიექტების უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა მინიმიზაციის, დამუშავებისა და შენახვის მეთოდების თაობაზე ინფორმაციას და მაგალითებს შეიცავს. ამასთან, საყურადღებოა რომ „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიაში პერსონალური მონაცემების შენახვა დაუშვებელია, თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება მონაცემთა დამუშავების პრინციპებს. რეკომენდაციაში ასევე ყურადღება არის გამახვილებული მონაცემთა სუბიექტების უფლებების მნიშვნელობაზე არის განსაკუთრებით გამჭვირვალობის, მონაცემების შესწორებისა და წაშლის უფლებების მიმართულებით.
სახელმძღვანელო რეკომენდაცია საჯარო კონსულტაციებისთვის ხელმისაწვდომია 2025 წლის 9 ივნისამდე.[3]