date

2025-06-18

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის გათვალისწინებით მგზავრთა გენდერული ინფორმაციის დამუშავების შესახებ


ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სარკინიგზო ბილეთების გაყიდვის პროცესში, მონაცემთა სუბიექტების გენდერული იდენტობის შემცველი მონაცემების („ბატონიანქალბატონი“) დამუშავება არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ სატრანსპორტო კომპანიამ შეძლოს მგზავრებთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

აგრეთვე, მომხმარებლებთან გაგზავნილი (პერსონალიზებული - მათ ინტერესებზე მორგებული) კომერციული კომუნიკაციების სამართლებრივ საფუძვლად მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმური ინტერესი ვერ ჩაითვლება. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომუნიკაციების მომხმარებელზე მორგების შემთხვევაზეც.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

მონაცემთა სუბიექტმა კომპანიისაგან (“SNCF Connect”) მატარებლის ბილეთი შეიძინა. ბილეთის შეძენის პროცესში საჭირო იყო მომხმარებლის გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის მითითება. მონაცემთა სუბიექტის შეხედულებით, კომპანიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება აუცილებელი არ იყო. ამავდროულად, არ იყო შესაძლებელიბატონისანქალბატონისნაცვლად გენდერული იდენტობის აღმნიშვნელი განსხვავებული ტერმინის მითითება.[1] აღნიშნული მიზეზით, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, ასოციაციამ სახელწოდებით “Mousse” საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიმართა. [2]

კომპანიის განმარტებით, მომხმარებელთა გენდერული იდენტობის შესახებ მონაცემების დამუშავება კომუნიკაციის პერსონალიზებისა და შეთავაზებული სერვისების კონკრეტულ მომხმარებელზე მორგების შესაძლებლობას აძლევდა. სატრანსპორტო კომპანიის ცალკეული სერვისები გათვლილი იყო სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე მონაცემთა სუბიექტზე. მაგალითად, შესაძლებელი იყო, რომ მონაცემთა სუბიექტებს ღამის მატარებლებში მხოლოდ ქალბატონებისთვის განკუთვნილი ვაგონებით ესარგებლათ.

2021 წლის 23 მარტს, საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებელთა გენდერული იდენტობის შესახებ მონაცემების დამუშავება არ არღვევდამონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციას“ (“GDPR”). საზედამხედველო ორგანომ მიიჩნია, რომ მონაცემთა დამუშავება ძირითადი რეგულაციის 6(1)(b) (მონაცემთა დამუშავების კანონიერება) მუხლის საფუძველზე კანონიერი იყო, ასევე, მონაცემთა დამუშავება აუცილებელი იყო ტრანსპორტირების მომსახურების მიწოდებისათვის. ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში დაცული იყო მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი.

მონაცემთა სუბიექტი და ასოციაცია საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების (Conseil d'État) შუამდგომლობით საქმე განსახილველად მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს გადაეცა. კერძოდ, სასამართლოსადმი განსახილველად წარდგენილი იქნა ორი ძირითადი საკითხი:

სასამართლომ საქმეზე მსჯელობის ფარგლებში განიხილა შემდეგი საკითხები:

  • მონაცემთა დამუშავება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით და;
  • მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური ინტერესი.

მონაცემთა დამუშავება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით

ძირითადი რეგულაციით გათვალისწინებული მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის თანახმად,[4] დამუშავებული მონაცემები უნდა იყოს მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატური და შესაბამისი. საჭიროა, რომ მონაცემთა მხოლოდ ის მინიმალური რაოდენობა მუშავდებოდეს, რაც მონაცემთა კონკრეტული დამუშავების მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. სასამართლოს შეფასებით, იმისათვის, რომ მონაცემთა დამუშავება ჩაითვალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის საჭიროდ, დამუშავება უნდა იყოს ობიექტურად აუცილებელი ხელშეკრულების შესასრულებლად. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და საკანონმდებლო მოთხოვნებზე დაყრდნობით, კომერციული კომუნიკაციების პერსონალიზება (მომხმარებელთა ინტერესზე მორგება) მომხმარებელთა გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციით არ წარმოადგენდა აუცილებლობას იმისათვის, რომ მომხმარებელსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულიყო. სასამართლოს მოსაზრებით, რეკომენდებულია მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ, აირჩიოს ზოგადი და ინკლუზიური მიმართვის ფორმა.

სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტები ღამის მატარებლების (რომელთა ვაგონები დაჯავშნილია ერთი გენდერული იდენტობის მქონე პირებისთვის) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრების დახმარების მიზნებით კომუნიკაციის მომხმარებელზე მორგების საჭიროების შესახებ. სასამართლომ წინამდებარე მიზნები არ მიიჩნია პროპორციულად ყველა სხვა მომხმარებლის გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, დღის მატარებლის მგზავრების ან შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე მგზავრების) მონაცემთა დამუშავებასთან. სასამართლოს მოსაზრებით, მონაცემთა განზოგადებული და მასიური დამუშავების აღნიშნული პრაქტიკა მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.

 

მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმური ინტერესი:

დამატებით, სასამართლომ განმარტა, რომ მონაცემთა დამუშავება კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა, შესრულდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ ან მესამე პირს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მონაცემთა დამუშავებისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესასრულებლად აუცილებლობას არ წარმოადგენდა მომხმარებელთათვის გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციით კომუნიკაციის მორგება. მომხმარებლებს არ მიუღიათ ინფორმაცია კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის თაობაზე, რომელზე დაყრდნობითაც კომპანია მათი გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციას ამუშავებდა. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, მომხმარებელთა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის რისკები კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმურ ინტერესს აღემატება.

წინამდებარე გადაწყვეტილების თანახმად, საჭიროა, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა უზრუნველყონ მონაცემთა მხოლოდ იმ მინიმალური რაოდენობის დამუშავება, რაც მონაცემთა კონკრეტული დამუშავების მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. იმისათვის, რომ მონაცემთა დამუშავება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის ჩაითვალოს საჭიროდ, დამუშავება ხელშეკრულების შესასრულებლად ობიექტურად აუცილებელი უნდა იყოს.

 

[1] CJEU PRESS RELEASE No 2/25 [02.06.2025]

[2] CJEU - C-394/23 Mousse, https://gdprhub.eu/index.php?title=CJEU_-_C-394/23_Mousse [02.06.2025]

[3] JUDGMENT OF THE COURT (First Chamber) 9 January 2025 (*) https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=CELEX:62023CJ0394 [02.06.2025]

[4] ძირითადი რეგულაცია, მუხლი 5(1)(c)

მსგავსი #Datanewsroom