date

2025-08-20

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების განუსაზღვრელი ვადით შენახვისა და გამჟღავნების შესახებ


2025 წლის 24 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიატნიკი უკრაინის წინააღმდეგ (საჩივარი № 16497/20)[1] გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-8 („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“) და მე-18 („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“) მუხლების დარღვევა. საჩივარი ეხებოდა მაღალი რანგის საჯარო მოხელის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ მისი პერსონალური მონაცემების განუსაზღვრელი ვადით გამოქვეყნებას კორუფციაში მხილებულ საჯარო მოხელეთა რეესტრში.

 საქმის ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი, უკრაინის მოქალაქე არტემ სიატნიკი, 2015 წელს დაინიშნა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (“NABU”) დირექტორად.

2019 წელს მას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო საჯარო მოხელის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებასთან. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3 400 გრივნის ოდენობით და მიღებული „საჩუქრის“ - სამართალდარღვევის საგნის - კონფისკაცია.

მომჩივანმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მიუთითა როგორც არსებით, ისე პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის, მოსამართლის მიუკერძოებლობის საკითხზე. 2019 წლის 13 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  

„კორუფციის პრევენციის შესახებ“ უკრაინის კანონის 59-ე მუხლის თანახმად, იმ პირთა პერსონალური მონაცემები, რომელთაც დაეკისრებოდათ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული, დისციპლინური ან სამოქალაქო პასუხისმგებლობა კორუფციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევისთვის, აღირიცხებოდა სპეციალურ რეესტრში. რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესს არეგულირებდა უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო (“NACP”). რეესტრში აღირიცხებოდა პირთა შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი და მამის სახელი; სამუშაო ადგილი და სამართალდარღვევის ჩადენის დროს დაკავებული თანამდებობა (ამ მონაცემებზე საჯარო წვდომა 2023 წლიდან შეიზღუდა); სამართალდარღვევის არსი და დაკისრებული სანქცია. რეესტრში ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო მუდმივად და ყოველგვარი გადასახადის გარეშე.

ზემოაღნიშნული კანონმდებლობის საფუძველზე, მომჩივნის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დასრულების შემდეგ, მისი პერსონალური მონაცემები განთავსდა რეესტრში განუსაზღვრელი ვადით.

მომჩივნის მოთხოვნა

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა მისი პერსონალური მონაცემების განუსაზღვრელი ვადით გამჟღავნებაზე.

მომჩივნის განმარტებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მოხდა გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო სამართლიანი სასამართლო პროცესის ძირითადი გარანტიების დარღვევით. ამასთან, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მონაცემთა გამჟღავნება იყო არაპროპორციული, ვინაიდან:

  • მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა პირის პერსონალური მონაცემების რეესტრში გამოქვეყნებას ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის მიუხედავად;
  • მონაცემთა შენახვა და გამჟღავნება ხდებოდა განუსაზღვრელი ვადით და არ არსებობდა პერიოდული გადახედვისა და წაშლის მექანიზმი.

 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა

სასამართლომ დაადგინა, რომ რეესტრში ისეთი მონაცემების გამოქვეყნება, რომელიც შესაძლებელს ხდიდა პირის იდენტიფიცირებას, წარმოადგენდა ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში. სასამართლომ მხედველობაში მიიღო რეესტრში გამოქვეყნებული მონაცემების ხასიათი, მათ გამჟღავნებასთან დაკავშირებული სტიგმატიზაციის რისკი და რეესტრის მუდმივი საჯარო ხელმისაწვდომობა.

შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა, იყო თუ არა ჩარევა გამართლებული, კერძოდ:

  1. მოხდა თუ არა ჩარევა კანონის შესაბამისად;
  2. ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზნებს; და
  3. იყო თუ არა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
  • ჩარევის კანონშესაბამისობა და ლეგიტიმური მიზნები

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა უკრაინის მთავრობის არგუმენტები ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რეესტრში მონაცემთა გამოქვეყნება გათვალისწინებული იყო „კორუფციის პრევენციის შესახებ“ უკრაინის კანონის 59-ე მუხლით და ემსახურებოდა საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს.

  • ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

კონვენციის მე-8 მუხლი ადგენს, რომ ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში - შესაბამისად, მას უნდა განაპირობებდეს მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება (pressing social need). კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის მართლზომიერება ფასდება აუცილებლობისა და თანაზომიერების პრინციპების საფუძველზე: სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლების შეზღუდვა უნდა იყოს როგორც მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით ნაკარნახევი, ასევე ამ საჭიროების პროპორციული.

სასამართლომ უპირველესად აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში უკვე დაადგინა მომჩივნის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას პროცედურული გარანტიების დარღვევა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას არ ჰქონდა „რელევანტური და საკმარისი“ სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება სადავო ღონისძიების პროპორციულობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, რომელიც არეგულირებდა კორუფციაში მხილებულ პირთა აღრიცხვას სახელმწიფო რეესტრში, პირის მონაცემების გამჟღავნებას ჰქონდა მუდმივი ხასიათი.

კერძოდ, NACP-ის მიერ მიღებული შიდა ინსტიტუციური რეგულაციით, რეესტრში არსებული მონაცემები ინახებოდა მუდმივად და იშლებოდა მხოლოდ ვიწროდ განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული საფუძვლები კი იყო შემდეგი:

  • სასამართლოს გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების შესახებ;
  • გამამართლებელი განაჩენი;
  • გასაჩივრების ვადის განახლება;
  • ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმება;
  • პირის მონაწილეობა უკრაინის თავდაცვით ღონისძიებებში 2022 წლის 24 თებერვლიდან.

მომჩივნის შემთხვევაში, ხუთ წელზე მეტი იყო გასული მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში მისი პერსონალური მონაცემები გამოქვეყნებული რჩებოდა რეესტრში, რის გამოც მომჩივანი ფაქტობრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეცვა საკუთარი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. გარდა ამისა, მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ეს მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდებოდა.

სასამართლოს შეფასებით, ასეთ გარემოებებში პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ვერ მიიჩნევა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებად.

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული შეფასების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმეში სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის სხვა მუხლების დარღვევა:

  • მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა: სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს პროცესის სამართლიანობა.
  • მე-18 მუხლის დარღვევა მე-6 და მე-8 მუხლებთან მიმართებით: სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისი პერსონალური მონაცემების საჯარო გამჟღავნება ემსახურებოდა არა მხოლოდ ოფიციალურად გაცხადებულ ლეგიტიმურ მიზანს - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას - არამედ ნაკარნახევი იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით.

სტრასბურგის სასამართლოს განხილული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პერსონალური მონაცემების საჯარო გამჟღავნება, თუნდაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევის მიზნით, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო სამართლებრივ საფუძველს, იყოს პროპორციული და შეზღუდული გონივრული ვადით.

 

[1] Sytnyk v. Ukraine, Application no. 16497/20, Judgment of 24 April 2025, ECtHR.

მსგავსი #Datanewsroom