date

2025-08-17

შვედეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემების დამუშავების შესახებ


შვედეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ქალაქ სტოკჰოლმში მოქმედი საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანიების[1] მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საზედამხედველო ორგანომ  გემების კაპიტნების ალკოტესტირების პრაქტიკა შეაფასა.

საკითხის შესწავლის საფუძველი სატრანსპორტო კომპანიის ორი თანამშრომლის მიერ საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა გახდა.[2] მათი განცხადებით, გემების კაპიტნები სისტემატურად, თითოეული სამუშაო ცვლის დაწყებამდე და ცვლის დასრულებისას გადიოდნენ ალკოტესტირებას. აღნიშნულ ინფორმაციას დამსაქმებლები რამდენიმე თვის განმავლობაში ინახავდნენ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანომ, ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) შესაბამისად, დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეაფასა.

 

საზედამხედველო ორგანოს ძირითადი მიგნებები

საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო კომპანიების მიერ ალკოტესტირების განხორციელების პრაქტიკა, მისი მასშტაბურობისა და მზღუდავი ხასიათის გათვალისწინებით, არ იყო მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის (მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა) პროპორციული. ამავდროულად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს პერსონალური ინფორმაციის დროულად წაშლის სისტემა დანერგილი არ ჰქონდათ, რის გამოც, მიუხედავად საფუძვლის არარსებობისა, მონაცემები თვეების განმავლობაში ინახებოდა.

საზედამხედველო ორგანომ აღნიშნა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა შეესაბამებოდეს ძირითადი რეგულაციის მოთხოვნებს და, ამავდროულად, არ უნდა ზღუდავდეს მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.[3] აგრეთვე, ალკოტესტირების შედეგით შეიძლება, გამოვლინდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც, ძირითადი რეგულაციის მე-4(15) მუხლის[4] შესაბამისად, ექცევა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ფარგლებში. ამდენად, აღნიშნული კატეგორიის მონაცემები გაძლიერებულ დაცვას საჭიროებს.[5]

საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება

საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები გემების კაპიტნების სისტემატურ ალკოტესტირებას მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდნენ, მონაცემთა დამუშავების პრაქტიკა ძირითადი რეგულაციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. მოცემულ შემთხვევაში, გამართლებული იქნებოდა შემთხვევითობის პრინციპით განხორციელებულიყო ალკოტესტირება, რომლითაც მონაცემთა სუბიექტის უფლებები ნაკლებად შეილახებოდა.

საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო კომპანიებმა დაარღვიეს:

  • ძირითადი რეგულაციის მე-6 მუხლი, რადგან განმცხადებელთა პერსონალური მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუშავდებოდა;
  • ძირითადი რეგულაციის მე-9 მუხლი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების გამო, მიუხედავად ამგვარი მონაცემების დამუშავების აკრძალვასთან დაკავშირებული გამონაკლისის არარსებობისა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სატრანსპორტო კომპანიებს დაეკისრათ ადმინისტრაციული ჯარიმა 6 250 ევროს ოდენობით.

 

[1] Aktiebolaget Storstockholms Lokaltrafik, Waxholms Ångfartygs AB.

[2] Swedish SA: Administrative fine against two companies in the SL Group [18.08.2025] https://www.edpb.europa.eu/news/national-news/2025/swedish-sa-administrative-fine-against-two-companies-sl-group_en [18.08.2025].

[3] Administrative fines against two companies in the SL Group https://www.imy.se/en/news/administrative-fines-against-two-companies-in-the-sl-group2/ [18.08.2025].

[4] ტერმინთა განმარტება - ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები.

[5] Swedish DPA: Systematic Alcohol Tests May Qualify as Health Data https://digitalcompliance.snellman.com/swedish-dpa-systematic-alcohol-tests-may-qualify-as-health-data/ [18.08.2025].

მსგავსი #Datanewsroom