date

2025-12-08

ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის და გასვლის სისტემის (“EES”) ამოქმედება და პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი ასპექტები


2025 წლის 12 ოქტომბერს, ევროკავშირში ძალაში შევიდა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური ინიციატივა საზღვრის მართვის მიმართულებით - შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლის და გასვლის სისტემა (EES)[1]. ახალი სისტემა ეხება მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის/შენგენის ზონის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზით ან უვიზოდ შედიან.

EES წარმოადგენს არამხოლოდ ტექნოლოგიურ განახლებას ან საზღვრის კონტროლის გამარტივებულ მექანიზმს, არამედ არსებითად ცვლის დამოკიდებულებას მიგრაციის მართვის, უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სფეროებში[2].

 

რა არის EES და რატომ ინერგება იგი?

EES არ ეხება ევროკავშირის მოქალაქეებს. იგი არეგულირებს მხოლოდ მესამე ქვეყნის მოქალაქეების მოძრაობას, როცა ისინი შენგენის ზონაში შედიან 90-დღიანი მაქსიმალური ვადით, იქნება ეს ტურისტული, საქმიანი თუ სხვა არამიგრაციული მიზნებით.

სისტემა ხელს შეუწყობს:

  • არარეგულარული მიგრაციის შემცირებას;
  • საზღვარზე ფალსიფიცირებული დოკუმენტების ამოცნობას;
  • სწრაფ და ავტომატურ შემოწმებას თვითმომსახურების ჯიხურებით და ბიომეტრიული სკანერებით;
  • უფრო ეფექტიან პასუხს უსაფრთხოების რისკებზე - მათ შორის, ტერორიზმისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ.

 

რა მონაცემებს აგროვებს იგი?

შესვლის და გასვლის სისტემა წარმოადგენს ავტომატიზებულ ინფორმაციულ პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შენგენის ზონაში შესვლა და გასვლა ზუსტ, დეტალურ და უსაფრთხო ფორმატში დარეგისტრირდეს.

განსხვავებით არსებული პრაქტიკისგან, რომლის თანახმად პირის პასპორტზე საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი ისმება, ახალი სისტემა ელექტრონულად აღრიცხავს მგზავრების სახელს, პასპორტის მონაცემებს, ბიომეტრიულ ინფორმაციას (თითის ანაბეჭდებს და სახის ფოტოს) და შენგენის ზონაში შესვლის, გასვლის თარიღებსა და ადგილებს.

აღნიშნული ცვლილება პასუხობს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის გამოწვევას წარმოადგენდა. კერძოდ, ავტომატურად ვერ ხორციელდებოდა მგზავრის შენგენის ზონაში კანონით დადგენილ, ნებადართულ ვადაზე (90 დღე) მეტი ვადით დარჩენის იდენტიფიცირება.

 

როგორ ამოქმედდება სისტემა?

შენგენის სივრცის წევრი 29 ევროპულ ქვეყანაში შესვლის და გასვლის სისტემის ამოქმედება მიმდინარეობს ეტაპობრივად.

12 ოქტომბრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წევრმა ქვეყნებმა უნდა შეაფასონ ტექნიკური მზაობა და ეტაპობრივად აამოქმედონ სისტემა.

სავარაუდოდ, 2026 წლის 10 აპრილიდან “EES” სრულად ჩაანაცვლებს პასპორტზე ბეჭდის არაავტომატური ფორმით დატანის პრაქტიკას და დაინერგება ერთიანი სტანდარტი ევროკავშირის გარე საზღვრებზე.

 

პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ზოგიერთ საკითხი:

“EES” ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის მიგრაციის კონტროლის ეფექტიანობას და ამარტივებს საზღვარზე გასვლით პროცედურებს, ხოლო მეორე მხრივ, იგი წარმოშობს რისკებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით.

ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო მკაცრად იცავს მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას. შესაბამისად, “EES” არ არის გამონაკლისი. მასზე ვრცელდება  მონაცემთა დაცვის მკაცრი რეგულაციები[3], რომლებიც ეყრდნობა: ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითად რეგულაციას“ (“GDPR”), “EES” რეგლამენტს (“EU 2017/2226”) და შენგენის საზღვრის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს.

სისტემა მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს, რომლებიც აუცილებელია საზღვრის ლეგალური კვეთის დადასტურებისთვის. მონაცემთა სუბიექტის, ანუ მგზავრის, უფლებები მკაფიოდ განსაზღვრულია და მოიცავს:

  • საკუთარ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლებას;
  • არასწორი მონაცემების შესწორების ან წაშლის უფლებას;
  • განსაკუთრებულ გარემოებებში მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლებას.  

დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოება და კანონიერება კი კონტროლდება როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული საზედამხედველო ორგანოების, ასევე კოორდინირებული ზედამხედველობის კომიტეტის (CSC) მიერ, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველს (EDPS) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებს.

კოორდინირებული ზედამხედველობის კომიტეტი უკვე ზედამხედველობს ისეთ დიდ სისტემებს, როგორიცაა: შენგენის საინფორმაციო სისტემა (SIS), ვიზების საინფორმაციო სისტემა (VIS) და ევროკავშირის ცენტრალიზებული ანაბეჭდების მონაცემთა ბაზა (Eurodac). მის ზედამხედველობას დაემატა შესვლის და გასვლის სისტემა (EES).

მომავალი თვეები იქნება გადამწყვეტი იმისათვის, თუ როგორ შეძლებენ ქვეყნები ამ ახალი სისტემის გამოყენებას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრის კონტროლის ეფექტიანობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

 

 

 

 

 

[1] https://home-affairs.ec.europa.eu/news/commission-set-launch-date-entryexit-system-12-october-2025-2025-07-30_en?utm_

[2] https://www.edpb.europa.eu/news/news/2025/strengthening-schengen-security-and-preventing-irregular-migration-eu-entry-exit_en

[3] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:32025R1534

მსგავსი #Datanewsroom