date

2025-12-22

ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს განცხადება “LinkedIn”-ის მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ


 

 

  • I. ზოგადი ინფორმაცია

ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისმა (“PCPD”) გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ქსელის (“LinkedIn”) კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლებასთან დაკავშირებით.[1] განცხადების თანახმად, 2025 წლის 3 ნოემბრიდან “LinkedIn”-მა დაიწყო მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის (“AI”) სისტემის გენერაციული მოდელების განვითარების მიზნით. განახლებული პოლიტიკა ვრცელდება შემდეგ იურისდიქციებზე: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროპის ეკონომიკური ზონა, შვეიცარია, კანადა და ჰონგ-კონგი.

  • II. “LinkedIn”-ის განახლებული პოლიტიკის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლები

განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, “LinkedIn” დაამუშავებს მომხმარებელთა მონაცემებს გენერაციული “AI” მოდელების სწავლებისა და განვითარების პროცესში. კერძოდ, დამუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • მომხმარებლის ელექტრონულ ანგარიშში (“Account”) ასახული მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი, განათლება და პროფესია;
  • მომხმარებლის მიერ საჯაროდ განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის განცხადებები, სტატიები და კომენტარები.

აღნიშნული მონაცემები გამოყენებულ იქნება “LinkedIn”-ის გენერაციული AI მოდელების გასაწვრთნელად და პლატფორმის მომსახურების გასაუმჯობესებლად, მათ შორის — შინაარსის „ავტომატური გენერაციის“ ფუნქციისა და რეკომენდაციის ალგორითმების დახვეწის მიზნით.

  • III. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა

ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისმა (“PCPD”) მომხმარებლებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ განახლებულ პოლიტიკას, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, გასცენ თუ არა თანხმობა მათი მონაცემების გენერაციული “AI” მოდელების სწავლების მიზნით დამუშავებაზე.

“LinkedIn”-ის განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით მონაცემთა სუბიექტს შეუძლია თანხმობის გამოხმობა (“withdraw consent”) ხელმისაწვდომი და მარტივი გზით. კერძოდ, „თანხმობის გამოხმობის“ პარამეტრი ხელმისაწვდომია მომხმარებლის ელექტრონული ანგარიშის (“Account”) შესაბამის სექციაში — „პერსონალური მონაცემების დაცვა“ (“Data Privacy”).

კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს ერთვის დანართი №1, სადაც აღწერილია მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის პროცესი.

  • IV. წინარე ინციდენტი და ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისის გადაწყვეტილება

2024 წლის სექტემბერში “LinkedIn”-მა პირველად განაახლა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებას გენერაციული AI მოდელების განვითარების მიზნით. თუმცა, 2024 წლის ოქტომბერში, ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანიამ შეაჩერა აღნიშნული პოლიტიკის მოქმედება ჰონგ-კონგის იურისდიქციაში.

2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე “PCPD” აქტიურად თანამშრომლობდა “LinkedIn”-თან კონსულტაციების რეჟიმში. აღნიშნული პროცესის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

  • მომხმარებლებს ჰონგ-კონგის იურისდიქციაში მიეცათ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გაეკონტროლებინათ საკუთარი პერსონალური მონაცემების გამოყენება გენერაციული AI მოდელების სწავლების პროცესში;
  • კომპანიის მიერ განხორციელებული მონაცემთა დამუშავება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან.

ამასთან, ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისმა წერილობით მიაწოდა “LinkedIn”-ს კონკრეტული რეკომენდაციები ახალი — 2025 წლის — პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვა.

 

  • V. „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ რეზოლუცია “AI”-ის გენერაციული მოდელების განვითარებასთან დაკავშირებით

დღესდღეობით შეინიშნება ხელოვნური ინტელექტის გენერაციული მოდელების სწავლებისა და განვითარების მიზნით პერსონალური მონაცემების გამოყენების მზარდი გლობალური ტენდენცია.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (“GPA) 47-ე დახურული სესიის ფარგლებში ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისი იყო თანასპონსორი რეზოლუციისა, რომელიც ეხება აღნიშნულ საკითხს — „რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებისა და დახვეწის პროცესში პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ“.[2]

რეზოლუცია ერთხმად მიიღო GPA-ის 130-ზე მეტმა წევრმა. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ:

  • პერსონალური მონაცემების გამოყენება AI მოდელების სწავლებისა და დახვეწის მიზნით უნდა განხორციელდეს მონაცემთა დაცვის მოქმედი ეროვნული კანონებისა და საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით;
  • აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმების გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილ იქნა პერსონალური მონაცემების დაცვა გლობალურ დონეზე.

 

 

[1] Office of the Privacy Commissioner for Personal Data Hong Kong, “LinkedIn Will Commence Using Users’ Personal Data for Training Generative AI Models from 3 November” (30 October 2025), ხელმისაწვდომია: https://www.pcpd.org.hk/english/news_events/media_statements/press_20251030.html  [11.11.2025].

[2] Global Privacy Assembly, “Resolution on the collection, use and disclosure of personal data to pre-train, train and fine-tune AI models” (September 2025), ხელმისაწვდომია: https://globalprivacyassembly.com/wp-content/uploads/2025/10/Resolution-on-the-collection-use-and-disclosure-of-personal-data-to-pre-train-train-and-fine-tune-AI-models.pdf [11.11.2025].

მსგავსი #Datanewsroom