date

2025-12-24

ჰონგ-კონგის მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისის წლიური ანგარიში: „ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენება ციფრული კონფიდენციალურობის ახალი ეპოქის შესაქმნელად“


 

 

  • I. ზოგადი ინფორმაცია

ჰონგ-კონგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომისრის ოფისმა (PCPD) გამოაქვეყნა 2024-2025 წლების ანგარიში სახელწოდებით - „ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენება ციფრული კონფიდენციალურობის ახალი ეპოქის შესაქმნელად“.[1]

ანგარიში მოიცავს პერიოდს — 2024 წლის 1-ელი აპრილიდან 2025 წლის 31 მარტამდე — და წარმოადგენს “PCPD”-ის საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც ასახავს როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით მონიტორინგის პრაქტიკას, ასევე პრევენციულ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.[2]

ანგარიში მოიცავს ხელოვნური ინტელექტის (“AI”) სისტემების განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მონაცემთა დაცვის სფეროში. დოკუმენტი ორიენტირებულია ორ ასპექტზე:

  • „ხელოვნური ინტელექტი - მიღწევები, რეგულირების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“;
  • „ინოვაციისა და უსაფრთხოების დაბალანსება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას“.[3]

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პერსონალური მონაცემების დაცვა მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებსა და სწრაფ რეაგირებას არსებულ გამოწვევებზე. იგი წარმოაჩენს PCPD-ის საქმიანობის შედეგებს, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებზე ადაპტაციისა და მათი სამართლებრივი გზით მართვის მიმართულებით.

  • II. კომისრის ოფისის საზედამხედველო საქმიანობა

ანგარიშში წარმოდგენილია “PCPD”-ის მიერ განხორციელებული კომპლექსური საზედამხედველო საქმიანობა.

საანგარიშო პერიოდში კომისრის ოფისმა:

  • მიიღო 3 450 საჩივარი პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების სავარაუდო ფაქტების შესახებ;
  • განიხილა 370 „დოქსინგის“, პირადი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების, შემთხვევა;
  • დაიწყო მოკვლევა 134 ფაქტზე;
  • მიიღო 207 შეტყობინება ინციდენტის — მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის — შესახებ;
  • უპასუხა 18 381 საჯარო მიმართვას;
  • განახორციელა 443 შესაბამისობის შემოწმება;
  • დაიწყო 88 სისხლის სამართლის გამოძიება, რომლის შედეგადაც ჩატარდა 20 საგამოძიებო მოქმედება და დაკავებულ იქნა 21 პირი.

აღსანიშნავია, რომ “PCPD”-ის პროაქტიული მონიტორინგის შედეგად, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი „დოქსინგის“ შემთხვევები 92%-ით შემცირდა წინა წლებთან შედარებით (841-დან 65-მდე), ხოლო შესაბამისი საჩივრების რაოდენობა 55%-ით — 676-დან 305-მდე.

“PCPD”-ის საქმიანობა ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს პრევენციას, ინციდენტების ეფექტიან გამოძიებასა და სამართალდარღვევის შედეგებზე დროულ რეაგირებას, რითაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სფეროს სისტემურ მართვას.

  • III. პროაქტიული ინიციატივები და ცნობიერების ამაღლება

ანგარიშის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად დასახელებულია მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ახალი ინიციატივები, აქცენტით ცნობიერების ამაღლებაზე.

საანგარიშო პერიოდში “PCPD”-მა წამოიწყო ინოვაციური პროგრამა — Data Security Package, რომლის მიზანია ორგანიზაციებისთვის მონაცემთა დაცვის პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში სკოლებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს უფასოდ ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათ მიერ მიღებული ზომების ადეკვატურობის შეფასებას სპეციალურად შექმნილი ე.წ.- “Data Security Scanner-ის მეშვეობით. გარდა ამისა, ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დახმარება Data Security-ის თემატური ვებგვერდისა და ცხელი ხაზის საშუალებით, რაც მათ ეხმარებათ უკეთ მოემზადონ შესაძლო საფრთხეებთან გასამკლავებლად.

2024 წლის მაისში “PCPD”-მ მონაწილეობა მიიღო აზია-წყნარი ოკეანის მონაცემთა დაცვის ორგანოთა ქსელის მხარდაჭერით ჩატარებულ ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიაში — „პირადი ცხოვრების დაცვის კვირეული“, რომლის თემაც იყო: „დაიცავი მონაცემთა უსაფრთხოება — დაიცავი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“. კამპანიის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავდა როგორც ორგანიზაციებში, ისე საზოგადოებაში მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებები მოიცავდა მობილურ საგანმანათლებლო გამოფენას (Privacy Protection Truck), რომელიც ვიზიტორებს აცნობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობას საგანმანათლებლო ვიდეოების, საინფორმაციო მასალებისა და ინტერაქტიული თამაშების საშუალებით. გარდა ამისა, ჩატარდა მონაცემთა უსაფრთხოების სემინარები, სადაც განხილულ იქნა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის — ინციდენტების — უახლესი შემთხვევები და შესაბამისი ზომები.

კამპანიის ფარგლებში, ასევე, წარდგენილი იქნა ახალი ვიზუალური სიმბოლო — Data Guardian („მონაცემთა მცველი“), რომლის ამოცანაა სხვადასხვა გზით, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალური მედიის, ონლაინ პლატფორმებისა თუ ბეჭდური გამოცემების მეშვეობით მონაცემთა უსაფრთხოების პოპულარიზაცია და საზოგადოების ინფორმირება.

  • IV. ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ჩარჩო

2024–2025 წლებში წარიმართა ინტენსიური დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით კი გენერაციული AI-ის სწრაფი განვითარების შესახებ. აღნიშნულ პროცესს თან ახლდა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული რისკების ზრდა. ამ ფონზე, “PCPD”-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და უსაფრთხო გამოყენებას და საანგარიშო პერიოდში შეიმუშავა ორი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი:

  • „ხელოვნური ინტელექტი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჩარჩო დოკუმენტი“;
  • „დასაქმებული პირების მიერ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას სახელმძღვანელო პრინციპების შესრულების მონიტორინგის ფორმა“.

ზემოაღნიშნული პირველი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა, მოიცავს რეკომენდაციებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • ხელოვნური ინტელექტის მართვის სტრატეგია და მექანიზმები;
  • რისკების შეფასება;
  • ადამიანური რესურსის ჩართულობა და ზედამხედველობა;
  • მონაცემთა დაცვის პრინციპების ინტეგრირება AIსისტემებში;
  • გამჭვირვალობა, კომუნიკაცია და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

დოკუმენტმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მას მიენიჭა ჯილდო როგორც „საჯარო სექტორის წლის ინიციატივა რეგულირების სფეროში“ — აზია-წყნარი ოკეანის „რეგიონული მედიაკონფერენციისა და ჯილდოები 2025“-ის ფარგლებშ.

შემდგომში, 2025 წლის მარტში, “PCPD”-მ შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც ორგანიზაციებს აწვდის პრაქტიკულ რჩევებს — თანამშრომელთა მიერ AI-ის გამოყენებისას მონიტორინგი გაუწიონ ეთიკური, უსაფრთხო და გამჭვირვალე სტანდარტების დაცვას. დოკუმენტი მოიცავს მონაცემთა დაცვის, ეთიკის, უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და მიკერძოების პრევენციის პრინციპებს და უკვე ფართოდ დაინერგა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

“PCPD”-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ჩართულობაზეც. ინიციატივის ფარგლებში, სახელწოდებით — „ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში მომავალი ლიდერები“ — სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც Microsoft Hong Kong-ის ოფისში ჩატარდა. პროგრამის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებისა და მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის გააზრების ხელშეწყობა.

 

  • V. საერთაშორისო თანამშრომლობა

2024 წლის ოქტომბრიდან “PCPD” აირჩიეს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (“GPA”) — ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებისა და მონაცემთა დაცვის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ, ევროკავშირის, საფრანგეთისა და კორეის წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნულ ჯგუფში 40-ზე მეტი ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო ერთიანდება და ის მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისას ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების ჰარმონიზაციას.

ოფისი აგრძელებს ასევე GPA-ს „საერთაშორისო აღსრულების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობას. ამ სტატუსით, PCPD”-მ 2024 წლის ოქტომბერში 15 პარტნიორ ორგანოსთან ერთად გამოსცა „დასკვნითი ერთობლივი განცხადება მონაცემთა მასობრივი მოპოვებისა (Data Scraping) და პირად ცხოვრების დაცვის შესახებ“.

ამასთან, ოფისი აქტიურად არის ჩართული მონაცემთა საერთაშორისო გადაცემების თემატურ სამუშაო მიმართულებებში, რაც მიზნად ისახავს მონაცემთა დაცვის გლობალური სტანდარტების ჰარმონიზაციას და აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

 

 

 

 

[1] DataGuidance, “Hong Kong: PCPD publishes 2024-25 annual report” (October 2025), ხელმისაწვდომია: https://www.dataguidance.com/news/hong-kong-pcpd-publishes-2024-25-annual-report [11.11.2025].

[2] Office of the Privacy Commissioner for Personal Data Hong Kong, “Leveraging Artificial Intelligence For A New Digital Privacy Era 2024-25 Annual Report” (October 2025), ხელმისაწვდომია: https://www.pcpd.org.hk/english/resources_centre/publications/annual_report/files/anreport25_full.pdf  [11.11.2025].

[3] Office of the Privacy Commissioner for Personal Data Hong Kong, “PCPD Publishes 2024-25 Annual Report” (October 2025), ხელმისაწვდომია: https://www.pcpd.org.hk/english/whatsnew/20251022.html

მსგავსი #Datanewsroom