2025-10-15
იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს („Garante per la protezione dei dati personali“) გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში პირადი საუბრის გასაჯაროების შესახებ
2025 წლის 23 ოქტომბერს იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ („Garante per la protezione dei dati personali“) საჯარო მაუწყებლის მიერ პირადი საუბრის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება[1] მიიღო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის ზაფხულში იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კულტურის მინისტრის, ჯენარო სანგიულიანოსა და ამავე სამინისტროში გარე კონსულტანტის თანამდებობაზე დასაქმებული პირის, მარია როზარია ბოჩას შორის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ. გავრცელებულმა ცნობებმა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული ეჭვები გააჩინა, რაც საბოლოოდ მინისტრის გადადგომით დასრულდა.
სკანდალის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადდა რეპორტაჟი, რომელშიც განხილული იყო ვარაუდი, რომ მინისტრმა გადადგომამდე ბოჩასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტა. ამ მოსაზრების „დასამტკიცებლად“, გადაცემაში გაუშვეს სანგიულიანოსა და მისი მეუღლის, ფედერიკა კორსინის პირადი სატელეფონო საუბრის ამონარიდები, რომლებშიც კორსინი მეუღლისგან კატეგორიულად მოითხოვდა ბოჩასთან ხელშეკრულების შეწყვეტას და აფრთხილებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას აცნობებდა. სხვა მტკიცებულებების თანახმად, იმავე დღეს მინისტრმა ბოჩასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.
სანგიულიანომ და კორსინიმ მაუწყებლის წინააღმდეგ ორი დამოუკიდებელი საჩივარი შეიტანეს, რომელშიც მიუთითეს, რომ მათი პირადი საუბარი უკანონოდ იქნა გასაჯაროებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით, ჩანაწერის გაშვება საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს არ სცდებოდა და საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურებოდა — გამოერკვია ზეწოლის ქვეშ მოქმედებდა თუ არა მინისტრი.
საზედამხედველო ორგანოს შეფასება:
იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ განმარტა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისა და პირადი მონაცემების დაცვის ბალანსის მთავარი სამართლებრივი საფუძველია იტალიის კონფიდენციალურობის კოდექსის („Privacy Code“) 137-ე მუხლი, რომლის თანახმად: მონაცემთა გამოქვეყნება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა დამუშავება იყოს აუცილებელი და არსებითი შესაბამისი თემის გასაშუქებლად.
საზედამხედველო ორგანოს მიერ ხაზი გაესვა, რომ „აუცილებლობის“ მოთხოვნა უნდა განიმარტოს მკაცრად — ჟურნალისტური მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
საბოლოოდ დადგინდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ დაამტკიცა, რომ საუბრის გასაჯაროება აუცილებელი იყო, პირიქით, მაუწყებლის წერილობით განცხადებაში გამოყენებული ფორმულირება („ფუნქციურად მნიშვნელოვანი“) მიუთითებდა, რომ ჩანაწერის გაშვება მხოლოდ სასურველი, და არა არსებითი იყო.
შესაბამისად, ორგანომ მიიჩნია, რომ მაუწყებელმა პირადი მონაცემები დაამუშავა უკანონოდ და ამავდროულად დაარღვია მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს მხოლოდ იმ მონაცემების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება
იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) მე-5 მუხლის (1)(c), აგრეთვე, იტალიის კონფიდენციალობის კოდექსის მე-2 და 137-ე მუხლების დარღვევა.
იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა ჯარიმა 150,000 ევროს ოდენობით და აეკრძალა აღნიშნული ჩანაწერის შემდგომი დამუშავება. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას საზედამხედველო ორგანომ გაითვალისწინა, მაუწყებლის მიერ წარსულში განხორციელებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევა, რაც განმეორებითი ხასიათის ფაქტორად იქნა შეფასებული.