date

2025-09-11

ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება სტუდენტურ საცხოვრებელში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების შესახებ


 

2025 წლის 4 სექტემბერს ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სტუდენტურ საცხოვრებელში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება[1] მიიღო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს სტუდენტური საცხოვრებლის მფლობელი წარმოადგენდა. კამპუსში განთავსებული იყო რვა სტუდენტური ოთახი. 2018 წლიდან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს დამონტაჟებული ჰქონდა ოთხი ვიდეოკამერა - საერთო სამზარეულოში, საერთო ტერასაზე, ეზოსა და საცხოვრებლის მთავარ შესასვლელში.

2023 წელს ერთ-ერთმა ბინადარმა ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საჩივრით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ კამერების გამოყენება არღვევდა მის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას.

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის განცხადებით, სტუდენტები ინფორმირებულნი იყვნენ კამერების არსებობის შესახებ, აღნიშნულს ქირავნობის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერიც მოწმობდა. მისი მოსაზრებით, კამერები აუცილებელი იყო სტუდენტთა უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფის, ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციის, COVID-19-ის რეგულაციების კონტროლისა და ვიზიტორთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით.

 

საზედამხედველო ორგანოს შეფასება

საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა პერსონალური მონაცემები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაამუშავა, შედეგად ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) მე-5 (1)(a) და მე-6 (1) მუხლები დაარღვია.

საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, მონაცემთა დამუშავების მიზანი, ერთი მხრივ, საკუთრების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტთა ქცევის მონიტორინგი იყო. საზედამხედველო ორგანომ განიხილალეგიტიმური ინტერესისსაფუძველი (მუხლი 6(1)(f)) და მიიჩნია, რომ სტუდენტთა ქცევის მონიტორინგი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად, ხოლო საკუთრების დაცვა თავისთავად წარმოადგენს ლეგიტიმურ ინტერესს. თუმცა, ვიდეომონიტორინგი არ წარმოადგენდა აუცილებელ ზომას აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რადგან არსებობდა გაცილებით ნაკლებად ინტენსიური და ალტერნატიული გზები საკუთრების დასაცავად.

საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, კამერების გამოყენება ვერ დაეფუძნებოდა ხელშეკრულების შესრულების საფუძველს (მუხლი 6(1)(b)), რადგან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა არ წარმოადგენდა აუცილებელ პირობას ქირავნობის ხელშეკრულების შესრულებისთვის.

გარდა ამისა, საზედამხედველო ორგანომ დაადგინა მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დარღვევა (“GDPR”-ის 5-ე (1)(c) მუხლი), ვინაიდან კამერების ხედვის არეალში ექცეოდა არა მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორია, არამედ ქუჩის, მეზობლის ქონების ნაწილი და მათი კარის შესასვლელი.

დამატებით, მფლობელმა ვერ წარმოადგინა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტი, რითაც დაარღვიაევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 30- მუხლი.

საზედამხედველო ორგანომ, ასევე, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ,  დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა არ მიიღო არანაირი ზომა ზიანის შემსუბუქების მიზნით და არ დანერგა ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომები, რომლებიც მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე ან მინიმიზაციის პრინციპის დაცვაზე დადებითად იმოქმედებდა.

საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება

ბელგიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ სტუდენტური საცხოვრებლის მფლობელმა დაარღვია ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ (“GDPR”) მე-5 (1) (ა), მე-5 (1) (c), მე-6 (1) (b), მე-6 (1) (f) და 30-ე მუხლები, შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 9 700 ევროს ოდენობით.

 

[1] APD/GBA (Belgium) - 142/2025, <https://gdprhub.eu/index.php?title=APD/GBA_(Belgium)_-_142/2025>, [11.03.2025].

მსგავსი #Datanewsroom