ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2022-07-29

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება


გადაწყვეტილება ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების მიერ კორპორატიული სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერის დამუშავების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების მიერ მობილური ოპერატორისგან კორპორატიული სატელეფონო ნომრით განხორციელებული ქმედებების შესახებ დეტალური ამონაწერის მოპოვების პროცესი. შესწავლისას გამოირკვა, რომ  საჯარო დაწესებულებამ შპს „მაგთიკომისგან“ დეტალური ამონაწერის სახით გამოითხოვა: ყოფილი თანამშრომლის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრის საშუალებით 2015-2022 წლებში განხორციელებული შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების, კომუნიკაციის ადრესატების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის თარიღების, ინტერნეტზე წვდომის  დეტალების  და სხვა ინფორმაცია. საჯარო დაწესებულების მიერ აღნიშნული მონაცემების გამოთხოვა თავად სატელეფონო ნომრის მოსარგებლის განცხადების საფუძველზე მოხდა. საყურადღებოა, რომ მითითებული მოსარგებლე დაწესებულებიდან 2017 წელს წასულ თანამშრომელს წარმოადგენდა, რომელიც ყოფილ დამსაქმებელს სთხოვდა შპს „მაგთიკომისგან“ გამოეთხოვა, მობილურ ოპერატორს კი პირდაპირ მასთან გადაეგზავნა დეტალური ამონაწერი. განმცხადებლის სურვილის მიუხედავად, მოთხოვნილი ამონაწერი  საჯარო დაწესებულებამ თავად მოიპოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაუგზავნა ყოფილ თანამშრომელს, მონაცემების მოპოვების კონკრეტულ მიზანი კი, შესწავლის ფარგლებში ვერ დაასახელა. საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ სატელეფონო ნომრის კორპორატიულ ქსელში ჩართვის და მის აბონენტად ყოფილი დამსაქმებლის აღრიცხვის მიუხედავად, დეტალურ ამონაწერში ასახული აქტივობები წარმოადგენდა ყოფილი თანამშრომლის - სატელეფონო ნომრის მოსარგებლის შესახებ პირად  მონაცემებს. მისი განცხადების დაკმაყოფილება კი შესაძლებელი იყო იმ ფორმითაც, რომ სატელეფონო ნომრის ამონაწერი ყოფილი დამსაქმებლისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო. შესაბამისად, დადგინდა რომ საჯარო  დაწესებულებამ კანონიერი მიზნის გარეშე მოიპოვა დიდი მოცულობის მონაცემები. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ შრომითი ურთიერთობის 2017 წელს შეწყვეტის მიუხედავად კორპორატიული ქსელიდან ყოფილი დასაქმებულის სატელეფონო ნომერი 2022 წლამდე არ ამორიცხულა. აღნიშნული ფაქტი, საჯარო დაწესებულებას, როგორც აბონენტს, დეტალური ამონაწერის გამოთხოვის უფლებამოსილებას უნარჩუნებდა, რაც თავისთავად წარმოშობს ყოფილი თანამშრომლის მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი დასაქმებულის შესახებ მონაცემების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი მიზნის გარეშე დამუშავების გამო საჯარო დაწესებულება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ამასთან, მონაცემთა დამმუშავებელს დაევალა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გონივრული ვადის განსაზღვრა, რომლის ამოწურვამდეც უზრუნველყოფს თითოეული ყოფილი თანამშრომლის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრის დაწესებულების ბალანსიდან ამორიცხვას და კორპორატიული ქსელიდან გათიშვას.    

მსგავსი სიახლეები