2022-09-16
სამსახურის გადაწყვეტილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, განცხადების საფუძველზე, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მიერ გარდაცვლილი ბავშვის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამჟღავნების კანონიერება შეისწავლა.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, რომელშიც გაამჟღავნა მისი აწ უკვე გარდაცვლილი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბავშვის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამჟღავნების მიზანი იყო სამედიცინო დაწესებულების ინტერესების დაცვა, რადგან ბავშვის მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ხდებოდა არაზუსტი ინფორმაციის გაჟღერება. ამდენად, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სატელევიზიო კომენტარის გაკეთების მიზანი იყო დაეცვა სამედიცინო დაწესებულება მის მიმართ გაჟღერებული არაზუსტი ინფორმაციისგან და საზოგადოებისთვის მიეწოდებინა რეალური ინფორმაცია თუ რამ გამოიწვია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, პაციენტს დაბადებიდან ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება, რომლებმაც ერთობლიობაში გამოიწვიეს შემდგომში ბავშვის გარდაცვალება.
ნიშანდობლივია, რომ არასრულწლოვნებისთვის გაწეული მკურნალობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩატარებული პროცედურების, მათ შორის, ოპერაციების თუ სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებისას, მით უმეტეს, ასეთი ინფორმაციის ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებისას დაცულ იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. განცხადების განხილვის ფარგლებში, როგორც განმცხადებელი მიუთითებდა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ დიაგნოზებს და ჩატარებულ მკურნალობას, რომლებისგანაც სრულად იყო რეაბილიტირებული მისი არასრულწლოვანი შვილი, ის და არასრულწლოვნის მამა საიდუმლოდ ინახავდნენ და ოჯახის წევრებისთვისაც არ სურდათ ამ ინფორმაციის გაზიარება.
განცხადების განხილვის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებამ ვერ დაასაბუთა მისი ინტერესებისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით, რატომ იყო საჭირო სამედიცინო დაწესებულების მიერ ტელეკომპანიისთვის მიცემულ კომენტარში გარდარცვლილი არასრულწლოვანი ბავშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალური (მათ შორის სრული დიაგნოზების, გადატანილი დაავადებების და ა.შ.) ინფორმაციის გამჟღავნება და მისი მხრიდან ზოგადი მითითება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რატომ არ იქნებოდა საკმარისი აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გარდაცვლილი ბავშვის პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი პრინციპების დარღვევით დამუშავების გამო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამედიცინო დაწესებულება სცნო სამართლდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.