2022-11-24
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის მე-8 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის მე-8 ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ნინო ცაგარეიშვილმა და გვანცა გაბაიძემ ღონისძიების ერთ-ერთი პანელის: „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ ფარგლებში ციფრულ გარემოში ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე იმსჯელეს.
ფორუმის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ბავშვთა პერსონალური მონაცემის დაცვის მნიშვნელობაზე და საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისოსამართლებრივ ინსტრუმენტებზე. ასევე, აუდიტორიას გააცნეს საზღვარგარეთის კოლეგა მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შექმნის მიზნით.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების გეგმური შემოწმებების (ინსპექტირება) 2022 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 7 აპრილის №01/23 ბრძანების მიხედვით, მიზნობრივ ჯგუფად დასახელებულია არასრულწლოვნებიც, ხოლო პრიორიტეტულ სფეროდ მითითებულია, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. შესაბამისად, ამ მიმართულებით სამსახური განაგრძობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელებას.
ამას გარდა, მომხსენებლებმა ისაუბრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტზე - „ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევზე“, რომელიც განმარტავს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ ცნებასთან დაკავშირებულ მახასიათებლებს, მათი მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, საფუძვლებსა და ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივ საშუალებებს.
პანელის დისკუსიის ნაწილში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა სამსახური იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით ყარაშვილმა.