2023-01-17
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა მიხეილ ჩხენკელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მისი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაუსვა გამოწვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
ლელა ჯანაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წელს ჩატარებული ინსპექტირებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საგანმანათლებლო სფეროში 27 გეგმიური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
მხარეები შეთანხმდნენ რომ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა ტრენინგები ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.