2023-01-28
28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ამ დღის აღსანიშნავად სამსახურმა სხვადასხვა აქტივოებების პრეზენტაცია გამართა
28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღონისძიება გამართა. აღსანიშნავია, რომ აქტივობები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე იყო მორგებული.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჟურნალის პირველი ნომერი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ეს სამსახურის პირველი ორენოვანი, საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული გამოცემაა. რედკოლეგია საქართველოს, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ბელგიის, უნგრეთისა და ხორვატიის აღნიშნული დარგის ექსპერტებითა და მეცნიერებით არის დაკომპლექტებული.
ამავე ღონისძიებაზე სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აუდიტორიას კიდევ ერთი სიახლე გააცნო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იურიდიული კლინიკა ფუძნდება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაიარონ იურიდიული პრაქტიკა აღნიშნულ უწყებაში.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ, პროფესორმა პაატა ტურავამ და სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 5 ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეოებში, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, მასწავლებელი - გია მურღულია, ექიმი- ქეთევან ასათიანი, ფოტოგრაფი - გოგა ჩანადირი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე- ნინო ზამბახიძე და კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი- გიორგი გურგენიძე მონაწილეობენ. დარგის გამორჩეული სპეციალისტები ინდივიდუალურად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მაგალითებითა და რჩევებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს კონფიდეციალურობის დაცვის აუცილებლობაზე აკეთებენ.
აღნიშნულ ღონისძიებას 50 -მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, საჯარო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.