2023-05-18
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მოწვეულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრა გამართეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი გრანადის უნივერსიტეტიდან (ესპანეთი), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მოწვეულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი — ანა თოხაძე, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი — ნიკოლოზ პოპიაშვილი და აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე - მარიამ გაიპარაშვილი ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ანა თოხაძემ საზღვარგარეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს სამსახურის მანდატი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ეროვნული კანონმდებლობა, დარგობრივი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კონცეფცია გააცნო.
საინფორმაციო შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, რომელიც სამსახურისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.