ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-08-01

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა


სან მარინოში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს “Autorità Garante per la Protezione dei Dati Personali“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სან მარინო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, დოქტ. უმბერტო რაპეტომ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას, აგრეთვე, ინფორმაციის გაზიარებას ეროვნული კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ და ორმხრივი პროფესიული განვითარების მიზნით, ექსპერტების გაცვლა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო დარგობრივ პლატფორმებსა და ქსელებში მონაწილეობის თაობაზე და მადლიერებით აღნიშნა სან მარინოს კოლეგა საზედამხედველო ორგანოს მხარდაჭერა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართ.

ცერემონიის გახსნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სან მარინოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმამარკო გატიმ, აგრეთვე, საგარეო საქმეთა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციის სამინისტროს ევროპულ საქმეთა დირექტორიატის ხელმძღვანელმალუკა ბრანდიმ, რომელთაც ხაზგასმით აღნიშნეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა სან მარინოს რესპუბლიკისათვის, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების პროცესში მყოფი სახელმწიფოსთვის.

სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, დოქტ. უმბერტო რაპეტომ განსაკუთრებით აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მზაობა გამოთქვა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ერთობლივი აქტივობების განხორციელების თაობაზე. სან მარინოს რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ვიცე პრეზიდენტმა, პატრიცია გიგანტემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის მნიშვნელობა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მან ასევე ისაუბრა სან მარინოს საზედამხედველო ორგანოს საერთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობისა და სამომავლოდ საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების თაობაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი და სან მარინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ვიცე პრეზიდენტი, ელია სანტი და უწყების თანამშრომლები. ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა მანდატისა და მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულების განხილვას.

https://www.sanmarinortv.sm/news/attualita-c4/protezione-dei-dati-personali-firmato-un-protocollo-tra-san-marino-e-georgia-a262460?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR1QKWtL1PArAVffyRQwnb5JpbhEbVVjX22ExZ9R-VbJk6tf9CccqwicHrI_aem_9WhBbVkJUZvBikjNGW-ATA

მსგავსი სიახლეები