ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-06-27

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) საქმიანობის დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა


„მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ (“EDPB”) წევრთა გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის - ლელა ჯანაშვილის თხოვნა, სამსახურისათვის საბჭოს საქმიანობის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილება EDPB-ის 20 ივნისის პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული, რეგლამენტის (RoP) 8.1. მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, საბჭომ შესაძლებელია, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მიანიჭოს ევროპის კავშირის არაწევრი სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დამკვირვებლის სტატუსი, თუკი აღნიშნული შედის საბჭოს ინტერესში და დაკმაყოფილებულია ორი კუმულაციური პირობა: ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო საქმიანობს სრული დამოუკიდებლობის დაცვით; მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო დაფუძნებულია იმ არაწევრ სახელმწიფოში, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, აიღო საერთაშორისო ვალდებულება, სრულად შეუსაბამოს მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირში მოქმედ მომწესრიგებელ წესებს. „საბჭომ გაითვალისწინა თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თაობაზე. სამდივნომ ასევე გაიარა კონსულტაცია ევროკომისიასთან, ევროპულ ინსტიტუტებთან ჰომოგენურობის უზრუნველსაყოფად.“; „ამასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ EDPB-ის წევრებმა გადაწყვიტეს, მიღებულ იქნას საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს თხოვნა, გახდეს EDPB-ის საქმიანობის დამკვირვებელი.“ - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისადმი EDPB-ის თავმჯდომარის, ფინეთის მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის, დოქტ. ანუ ტალუსის წერილში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელით, მადლობას გიხდით თქვენ, თქვენს კოლეგებსა და EDPB-ის წევრებს დამკვირვებლის სტატუსის მოპოვების თაობაზე საქართველოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისათვის. EDPB-ის დამკვირვებლის სტატუსი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლისა და მისი საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში იმდენად, რამდენადაც აღნიშნული კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრას და მონაცემთა დაცვის კოლეგა ორგანოთა ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრობას.“ - აღნიშნულია EDPB-ის თავმჯდომარის, ფინეთის მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის მიმართ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის სამადლობელ წერილში. შეგახსენებთ, EDPB-ი, როგორც ევროკავშირის ორგანო, შეიქმნა „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (“GDPR”) 68-ე მუხლის საფუძველზე და 2018 წლის 25 მაისიდან წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და აღნიშნულ მონაცემთა თავისუფლად მოძრაობასთან დაკავშირებით ფიზიკური პირების უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის № 95/46/EC დირექტივის 29-ე მუხლის სამუშაო ჯგუფის სამართალმემკვიდრეს. EDPB-ი შედგება ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსა და „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (“EDPS”) წარმომადგენლებისაგან. აგრეთვე, მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ევროკომისია, რა მიზნითაც იგი უფლებამოსილია, განსაზღვროს წარმომადგენელი. საბჭო არსებით როლს ასრულებს ევროკავშირის მასშტაბით პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციების ეფექტიან დაცვასა და მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა თანმიმდევრული, საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში; კერძოდ, იღებს სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებებს, აქვეყნებს მოსაზრებებს, კონსულტაციებს უწევს ევროკომისიას ევროკავშირში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნებისმიერ საკითხზე, აგრეთვე, შეიმუშავებს სახელმძღვანელო პრინციპებსა და რეკომენდაციებს.

მსგავსი სიახლეები