2023-09-14
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ქ. ბათუმში წარმომადგენლობა გახსნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინსტიტუციური გაძლიერებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ბათუმში წარმომადგენლობა გახსნა.
ახალი ოფისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გახსნა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი ოფისის ამოქმედება დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირებას გაუმარტივებს ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის უფრო მეტად გაძლიერებას.
,,საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს არსებობის ისტორიაში, პირველად დაფუძნდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსახურის წარმომადგენლობა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება ჩვენს საქმიანობაში“ - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა, სამსახურსა და თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.
ბათუმის ოფისის ოფიციალურ გახსნას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, აჭარის მთავრობის, საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფისი ბაქოს ქ. №48-ში იფუნქციონირებს.