ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-10-24

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 300-მდე საჯარო მოხელეს ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეხვედრების სერია სახელწოდებით ,,საუბრები ახალ კანონზე“ დაიწყო.
პირველი მასშტაბური შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ძირითადი ასპექტები და აქტუალური საკითხები მიმოიხილა.  
,,ახალი კანონის იმპლემენტაციის შედეგად გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმები“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით ყარაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სიახლეები დეტალურად გააცნო.
დავით ყარაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სექტორში ახალი კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე. აღსანიშნავია, რომ კანონის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამსახურმა უკვე შეიმუშავა სექტორული სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლებიც ყველა საჯარო უწყებას მიეწოდა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან სიახლეს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საჯარო უწყებების წარმომადგენელთა შეკითხვებს საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა- ქეთი კრაწაშვილმა და გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა- სოფიო შამუგიამ უპასუხეს.
შეხვედრას საჯარო სექტორის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კანონის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები