2023-11-10
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები საჯარო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობას სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის აგრძელებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა.
შეხვედრას ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, საგარეო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციები საჯარო სექტორზე ზედამხვედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ წარადგინეს.
მომხსენებლებმა კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, დეტალურად განიხილეს. მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად გააგრძელებს.