პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა, სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ტერმინების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეო და აუდიომონიტორინგი, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი და პორტირება, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, მონაცემთა აღრიცხვა და სამსახურისთვის შეტყობინება, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, ინციდენტი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი ფორმები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადები და სახეები.
შეხვედრას ბიზნეს სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა და დისკუსიის ნაწილში შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისგან.
კერძო სექტორის წარმომადგნლები საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას.
კანონის ამოქმედებამდე, სამსახური სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.