ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2025-01-28

სამსახურის უფროსმა ესეების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ესეების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა. 

I ადგილი ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი ვეკუამ,  II ადგილი ქართულ-გერმანული სკოლა “სხივის“ მოსწავლემ -  ნურსელ ნურიევამ, III ადგილი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნანა შარიქაძემ დაიკავა. 

გამარჯვებულ მოსწავლეებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა უმასპინძლა. მათ სერტიფიკატები, ასევე სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა  და წარმატებები უსურვა.   


ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუდმივად ცდილობს, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის  შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმოს, მათ შორის მნიშვნელოვანი სეგმენტია სკოლა. შესაბამისად, სხვა აქტივობებთან ერთად, სამსახური სკოლის მოსწავლეებისთვის პერიოდულად კონკურსებს  აცხადებს. 


აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცხადებულმა ესეების კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მადლობას უხდის კონკურსის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის. მსგავს აქტივობებს სამსახური მომავალშიც გააგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები