ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-12-27

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის აკადემიურ დირექტორთან  ირაკლი ბურდულთან ერთად  ალტე უნივერსიტეტში საინფორმაციო - საჯარო ლექცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივით შედგა. საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლელა ჯანაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში. მან ასევე დამსწრე საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესახებ პრეზენტაცია საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ანა თოხაძემ ჩაატარა. მოხსენება შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლის ინტერდისციპლინურ გააზრებას ერთი მხრივ, საკორპორაციო სამართლის პერსპექტივით, ხოლო მეორე მხრივ ― პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თვალსაზრისით, რათა განისაზღვროს მისი ინსტიტუციური ფუნქცია მონაცემთა კორპორაციების ორგანიზაციულ სტრუქტურაში. ასევე, განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებები მონაცემთა დაცვის ოფიცერთა დამოუკიდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხებზე, აგრეთვე, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მონაცემთა დაცვის ოფიცრის პასუხისმგებლობისა და გაწვევის თემატიკაზე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სიახლეები