2025-03-13
ლელა ჯანაშვილმა ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 58-ე სესიაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთან ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში მოხსენება წარადგინა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 58-ე სესიაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელთან ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში მოხსენება წარადგინა. მოხსენება ნეირომონაცემის, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა დამუშავების პროცესების ეროვნულ საკანონმდებლო მოწესრიგებას შეეხო.
ინტერაქტიული დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა სპეციალური მომხსენებლის, დოქტ. ანა ბრაიენ ნოგრერესის მიერ მომზადებული ანგარიში თემაზე: „საფუძვლები და პრინციპები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პერსპექტივიდან ნეიროტექნოლოგიებისა და ნეირომონაცემის დამუშავების მოწესრიგებისათვის“ (“Foundations and Principles for the Regulation of Neurotechnologies and the Processing of Neurodata from the Perspective of the Right to Privacy”). ანგარიშში განხილულია ნეიროტექნოლოგიების გამოყენებისა და ნეირომონაცემების დამუშავების რეგულირების შესახებ კონცეპტუალური ჩარჩოს შექმნის საფუძვლები. კერძოდ, იგი შეეხება ძირითად დეფინიციებს და ფუნდამენტურ პრინციპებს აღნიშნული სფეროს მოწესრიგებისათვის, მათ შორის, ადამიანის ღირსებისა და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვას, ნეირომონაცემების, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების აღიარებასა და მათი დამუშავებისთვის ინფორმირებული თანხმობის მოთხოვნას.
ინტერაქციული დიალოგის ფორმატში, წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში განხილულ საკითხებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა წარდგენილ მოხსენებაში ისაუბრა ნეირომონაცემის, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის, დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე არსებითი ზეგავლენიდან გამომდინარე, ხაზგასმით აღნიშნა ნეიროტექნოლოგიებისა და ნეირომონაცემთა დამუშავების სპეციალური მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩოს საჭიროება. მოხსენების დასასრულს, ლელა ჯანაშვილმა მადლობა გადაუხადა სპეციალურ მომხსენებელს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოახსენა აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, ნეირომონაცემთა დამუშავების ევროპული სტანდარტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, განხილულ თემატიკას დაეთმობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა ევროპული კონფერენციის“ ერთ-ერთი პანელური სესია, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უმასპინძლებს მაისში, ქალაქ ბათუმში.