2025-04-01
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ.
,,გასული წელი გამორჩეული იყო მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი დაცვის სათანადო გარანტიებს, ასევე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობისთვის აუცილებელი მექანიზმებითა და უფლებამოსილებებით აღჭურვას. ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღსანიშნავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მნიშვნელობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და, შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო სტანდარტის დანერგვის შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართლის განვითარება.’’- ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის წინასიტყვაობაში.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჯამურად მიიღო 1662 განცხადება/შეტყობინება, მათგან 52% (863) — განცხადება, ხოლო 48% (799) – შეტყობინება. შემოსულ განცხადებათა/შეტყობინებათა 90% (1486) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 8% (140) – საჯარო უწყებებში, ხოლო 2% (36) – სამართალდამცავ ორგანოებში.
2024 წელს სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 265 ფაქტზე. მათგან 31% (83) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 69% (182) – არაგეგმურად.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 508 ფაქტი.
გაცემულ იქნა ჯამში 794 დავალება და რეკომენდაცია.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მიიღო 11 შეტყობინება.
სამსახურის მიერ გაწეული იქნა 16 462 კონსულტაცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 92 შემთხვევაში გამოიყენა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახური სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს კერძო და საჯარო სექტორის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.
2024 წელს სამსახურმა გამართა 108 შეხვედრა 6522 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე-დამუშავებისთვის პასუხისმგებელ/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს.
ანგარიშის სრული ვერსია https://pdps.ge/files/content/PDPS%20ანგარიში%202024_1743494187.pdf