ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-19

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (GPA) ახალი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე გახდა


 

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (GPA) ახალი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე გახდა, რომელიც მონაცემთა დაცვის საკითხებს გენდერის ჭრილში განიხილავს (“Intersectional Gender Perspective in Data Protection Working Group”).

სამუშაო ჯგუფს სამსახური მექსიკის „გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან“ (INAI) ერთად უხელმძღვანელებს. ჯგუფში გაერთიანებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის 15-მდე საზედამხედველო ორგანო და აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაცია.

სამუშაო ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, პრაქტიკისა და ჩარჩოების შემუშავება და განხორციელება გენდერული საკითხების სენსიტიური ხასიათის გათვალისწინებით. ჯგუფის მიზანია მონაცემთა დამუშავების პროცესში განსაზღვროს და მართოს გენდერული ნიშნით წარმოშობილი რისკები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ინკლუზიურობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად იღებს მონაწილეობას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და განაგრძობს მონაცემთა დაცვის პარტნიორ საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს ასამბლეის მისწრაფებებისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები