2024-04-30
სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, აჭარისა და გურიის რეგიონული რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები და იურისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითად თემას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები წარმოადგენდა. განსაკუთრებით ის სიახლეები, რომლებიც, განათლების სექტორის წარმომადგენლებისთვის არის მეტად მნიშვნელოვანი. ყურადღება გამახვილდა არასრუწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ოფიცრების დანიშვნის წესზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - აპარატის უფროსის მოადგილე თენგიზ მამულია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მაია გოგოლაძე და ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ აბაზაძე წარმოადგენდნენ.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა განათლების სექტორის საჭიროებები მონაცემთა დაცვისა და ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგების ორგანიზების თაობაზე. ამ საკითხში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარისა და გურიის რეგიონული რესურსცენტრების თანამშრომლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.