ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-21

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას (European Conference of Data Protection Authorities) უმასპინძლებს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას (European Conference of Data Protection Authorities) უმასპინძლებს

13-16 მაისს, რიგაში გამართულ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 32-ე ევროპულ კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, როგორც მომდევნო ევროპული კონფერენციის მასპინძელი უწყება, სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა წარადგინა. სამსახური ევროპულ კონფერენციას მომდევნო წელს, ბათუმში უმასპინძლებს.

„საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთვის დიდი პატივია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მასპინძლობა. ევროპული კონფერენცია აყალიბებს სადისკუსიო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს აქტუალური ტენდენციების განხილვასა და მათზე მსჯელობას. ამდენად, მოხარულნი ვართ, ევროპული კონფერენციის მონაწილეებს შეგიქმნათ სასიამოვნო სამუშაო გარემო და გიმასპინძლოთ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ - ბათუმში.“ ― განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 32-ე ევროპულ კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც კონფერენციის აკრედიტებულ წევრს წარადგენდნენ, ასევე,სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ― ოთარ ჩახუნაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ― ანა თოხაძე.

მიმდინარე წლის კონფერენციის თემატური პანელები დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) პრაქტიკის განხილვას, ასევე, ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა როლი ციფრული სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა განვითარებადი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეპოქაში; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემის დაცვა ციფრული გარემოს ეპოქაში და სხვა.

კონფერენციის დახურული სესიის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების თანამშრომლობის გამოცდილებას შეეხებოდა, ლელა ჯანაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი კანონმდებლობის იმპლემენტაციის გამოწვევები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს დონეზე“ (“Challenges of the Implementation Personal Data Protection Rules on the DPA Level”). მოხსენება შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ საკანონმდებლო მოწესრიგებას, აგრეთვე, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებასა და არსებულ ტენდენციებს.

„სწრაფად განვითარებად ციფრულ ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოები ინსტიტუციურად ვითარდებიან და აღრმავებენ საერთაშორისო თანამშრომლობას, რაც დღესდღეობით ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მინიჭებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. ახალი კანონი ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ევროპული სამართლებრივი კულტურის ინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნის, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს და მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო ინტერაქციულ პლატფორმებში, კონფერენციებსა და სამუშაო ჯგუფებში, რაც გვეხმარება, უკეთ შევისწავლოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის თანამედროვე ტენდენციები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობის სტრატეგიული პოლიტიკა ევროპული ფასეულობების დასაცავად.“ ― აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა. პანელის დასასრულს თემატური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია.

მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპული კონფერენციის სამუშაო ჯგუფის (“Steering Group”) წევრთა კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2023 წლიდან უწევს სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას და წარმოადგენს მის თავმჯდომარე უწყებას. კონფერენციის დახურული სესიის ბოლო პანელის ფარგლებში, წლიური ანგარიში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უწყების წარმომადგენელმა, ანა თოხაძემ წარადგინა. მოხსენების ფარგლებში შეჯამდა კონფერენციის სამუშაო ჯგუფის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, თემატური დისკუსიები და სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობათა სამოქმედო გეგმა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები