გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-06-30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლის შესახებ.
,,2024 წელი გამორჩეული გახლდათ პერსონალურ მონაცემთა ქართული სამართლის განვითრებისათვის. საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის ივნისში მიღებული კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ძალაში შევიდა 2024 წლის 1 მარტიდან და სრულად ამოქმედდა 1 ივნისიდან.
კანონი, რომლის მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დაცვა, ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი დაცვის სათანადო გარანტიებს, ასევე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობისთვის აუცილებელი მექანიზმებითა და უფლებამოსილებებით აღჭურვას და რაც მთავარია, იგი სრულად იზიარებს ევროპის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის პრინციპებსა და ღირებულებებს"- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა ჯამურად მიიღო 1662 განცხადება/შეტყობინება, მათგან 52% (863) — განცხადება, ხოლო 48% (799) – შეტყობინება. შემოსულ განცხადებათა/შეტყობინებათა 90% (1486) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 8% (140) – საჯარო უწყებებში, ხოლო 2% (36) – სამართალდამცავ ორგანოებში.
2024 წელს სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 265 ფაქტზე. მათგან 31% (83) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 69% (182) – არაგეგმურად.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 508 ფაქტი.
გაცემულ იქნა ჯამში 794 დავალება და რეკომენდაცია.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის (ინციდენტი) თაობაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან მიიღო 11 შეტყობინება.
სამსახურის მიერ გაწეული იქნა 16 462 კონსულტაცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 92 შემთხვევაში გამოიყენა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახური სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს კერძო და საჯარო სექტორის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.
2024 წელს სამსახურმა გამართა 108 შეხვედრა 6522 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე-დამუშავებისთვის პასუხისმგებელ/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს.
სიტყვით გამოსვლისას ლელა ჯანაშვილმა ასევე ისაუბრა 2025 -2028 წლების საქმიანობის სტრატეგიაზე, რომელიც გასულ წელს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის, თანამედროვე ტენდენციებისა და სამსახურის საქმიანობის ანალიზის შედეგად შემუშავდა. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია: პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის გაძლიერება და პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურისა და ცნობიერების ამაღლება, პრევენციული მექანიზმების გაძლიერება და ეფექტიანი გამოყენება. გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უწყვეტი ინსტიტუციური განვითარება: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან, ევროკავშირის დარგობრივ ინსტიტუციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოება - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მიდგომების სამსახურის საქმიანობაში დანერგვა.
ანგარიშის ბოლოს სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის.