date

2025-09-17

პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე


17 სექტემბერი პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეა!

 

პაციენტის უსაფრთხოება, როგორც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი  ფუნდამენტური პრინციპი, გულისხმობს პაციენტისთვის სანდო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და იმ გარემოს უზრუნველყოფას, სადაც პაციენტის პირადი და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები დაცულია მაღალი სიზუსტითა და სიფრთხილით. 

 პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მისი პერსონალური მონაცემების დაცვას. ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, შესაბამისად, მათი დამუშავება მოითხოვს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პაციენტის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, ღირსების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება. 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, პაციენტის ინფორმირებული, ნებაყოფლობითი და მკაფიოდ გამოხატული წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად. 

 მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან, დაიცვან კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პრინციპები, მათ შორის, უზრუნველყონ მონაცემთა სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონიერად, მიზნობრივად და უსაფრთხოდ დამუშავება, ასევე, კონფიდენციალობის დაცვა. 

პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა განადგურება და ა.შ. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა სამედიცინო დაწესებულებასა და მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართულ ყველა პირს სრულად დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და უზრუნველყონ პაციენტების უფლებების დაცვა მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.

პაციენტებზე ზრუნვა კონფიდენცილურობის დაცვით იწყება!
https://pdps.ge/files/content/Triplet%20Medical_1744096335.pdf

მსგავსი სიახლეები