date

2024-12-13

ვიდეო-აუდიომონიტორინგი


ვიდეოკამერების სისტემები სხვადასხვა სახის, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების, ჩაწერის, შენახვის) შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ტექნოლოგიური ინოვაციების პროგრესირების პარალელურად, სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა, კერძოდ, ვერბალური კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერების, დამუშავების შესაძლებლობასაც.


სამართალდამცავი უწყებები, რომელთა ფუნქციებს ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი ინტერესების უზრუნველყოფას, დელიქტურ ქმედებათა პრევენციასა და გამოძიებას წარმოადგენს, ახდენენ ვიდეო მონიტორინგის (მათ შორის, აუდიომონიტორინგის განმახორციელებელი) სისტემების ინსტალაციას და მათ გამოყენებას მრავალმხრივი ლეგიტიმური მიზნებისათვის, რაც, თავის მხრივ, მოიცავს პერსონალური მონაცემების მასშტაბურ დამუშავებას.
ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფიზიკური პირების საუბრის ფიქსაციაც (აუდიომონიტორინგი). ბოლო წლების ტენდენციებმა აჩვენა, რომ აუდიომონიტორინგის განხორციელება და, შესაბამისად, ამ ფორმით მონაცემების დამუშავება საკმაოდ გავრცელებულია სამართადამცავი ორგანოების საქმიანობის ფარგლებშიც.


2024 წლის პირველი მარტიდან მოქმედი კანონით განისაზღვრა ვიდეო-აუდიომონიტორინგის განხორციელების სპეციალური წესები.


ამ გზით მონაცემების დამუშავების სპეფიციკურობის გათვალისწინებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ადგენს ვიდეომონიტორინგის კონკრეტულ მიზნებს და განსაზღვრავს დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის/სივრცის, ასევე – საცხოვრებელი შენობის, გამოსაცვლელი ოთახების, ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილების ან ისეთი სივრცეების ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელებიც სუბიექტის პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრულ მოლოდინებს შეეხება. ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს აუდიომონიტორინგის განხორციელების საფუძვლებსა და სუბიექტის ინფორმირების წესებს.


აღსანიშნავია, რომ კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს განესაზღვრათ დამატებითი ვალდებულებები, რომელთა მიხედვითაც ვიდეო-აუდიომონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა (დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა), კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად, წინასწარ წერილობით უნდა განსაზღვრონ ვიდეო-აუდიომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეო-აუდიომონიტორინგის ხანგრძლივობა, მათი შენახვის ვადა, ჩანაწერების წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი, ასევე – პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.


მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მონიტორინგი არ სცდებოდეს კანონით დადგენილ ფარგლებს და არ იწვევდეს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ხელოვნური ინტელექტის, სახის ამოცნობის ტექნოლოგიებისა და სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენების კონტექსტში.
საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური შემოწმებების ფარგლებში, შეისწავლა სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების მხრიდან ვიდეო-აუდიომონიტორინგის განხორციელების პროცესში მონაცემთა დამუშავების საკითხები.

 

- სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საანგარიშო პერიოდში ანონიმური შეტყობინების საფუძველზე სამსახურის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე უკავშირდებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობის (მის.: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა №9) როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე განთავსებული იყო ვიდეოკამერები, რომელთა ხედვის არეალში ექცეოდა არა მხოლოდ შენობის მიმდებარე ტერიტორია, საერთო (შესასვლელი, დერეფნები, კიბის უჯრედები) და სასერვერო/სასაწყობე სივრცეები, არამედ საკონფერენციო (ე. წ. „საბრიფინგო“) და გამოსაკითხი ოთახები; ვიდეომონიტორინგის განხორციელების პროცესში გამოყენებული ელექტრონული სისტემის დათვალიერებით კი გაირკვა, რომ ვიდეოკამერების მეშვეობით ხორციელდებოდა მხოლოდ ვიდეომონიტორინგი.


შესწავლის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზნად პირის უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა დაასახელა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიზნების მიღწევა სხვა, ნაკლებად ინვაზიური, პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევის გამომრიცხავი მეთოდებით იყო შესაძლებელი, ხსენებულ სივრცეებში მუდმივი ვიდეომონიტორინგის განხორციელება ვერ შეფასდა მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად.
შემოწმებით დადგინდა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებული ჰქონდა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თუმცა ეს უკანასკნელი სრულად არ შეიცავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებს.


შესწავლის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით დამუშავებული მონაცემის მიმართ მიღებული უსაფრთხოების ზომების ნაკლოვანებები. კერძოდ, სისტემაში წვდომის უფლების მქონე პირთა ნაწილი (სახელმწიფო დაცვის სამსახურის მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული მივლენილი დაცვის თანამშრომლები) წვდომას ახორციელებდა საერთო მომხმარებლითა და პაროლით. ამდენად, მართალია, სისტემას ჰქონდა მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალი (ე. წ. „ლოგირება“), მაგრამ საერთო მომხმარებლითა და პაროლით სარგებლობის პირობებში ფაქტობრივად წარმოუდგენელია მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე და 76-ე მუხლების პირველი პუნქტების „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. ასევე, ზემოხსენებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით, მიეცა შესასრულებლად სავალდებულო 4 (ოთხი) დავალება.


დადებით ტენდენციად შეფასადა ის, რომ ვიდეო კამერების ხედვის არეალში ექცეოდა უწყებაში დასაქმებული პირების სამუშაო სივრცეებიც და ეს თანამშრომლები წერილობითი ფორმით იყვნენ ინფორმირებულნი მათი სამუშაო სივრცის ვიდეომონიტორინგის თაობაზე. რაც შეეხება სხვა მონაცემთა სუბიექტებს (სხვა დასაქმებული პირები, უწყების შენობაში მყოფი ნებისმიერი სხვა პირი),კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ასევე, ინფორმირებულნი იყვნენ ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების მეშვეობით.


- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გეგმური შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში სამსახურმა შეისწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში — სამინისტრო) მიერ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში განხორციელებული აუდიომონიტორინგის ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხი.


შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტრო, მონაცემთა სუბიექტის (კანდიდატის) წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ახორციელებდა სამინისტროში დასაქმების მსურველ კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრების პროცესის ვიდეო-აუდიო ჩაწერას.


დადგინდა, რომ კანდიდატების ინფორმირება ვიდეო-აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე ხდებოდა წერილობითი ფორმით მაშინ, როცა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნით ინფორმირების იმპერატიულ ვალდებულებას ითვალისწინებს.


ზემოხსენებული ნაკლოვანების გამოსასწორებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე მონაცემთა სუბიექტების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ინფორმირება.

 

მსგავსი გადაწყვეტილებები