. მონაცემთა დამუშავების პროცესები კერძო და საჯარო სკოლებში
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა: 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ელექტრონული ჟურნალების მეშვეობით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება;...
2024-11-18
სამსახურმა გეგმურად შეამოწმა 2 (ორი) სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯის (შემდგომში ― კოლეჯი), ასევე 3 (სამი) საჯარო და 3 (სამი) კერძო სკოლის მიერ ვიდეომონიტორინგის დამუშავების კანონიერება. შემოწმებების მიმდინარეობის პერიოდში ხსენებულ კოლეჯებში სწავლობდა ჯამში 821 (რვაას ოცდაერთი) სტუდენტი, ხოლო სკოლებში ― 6,348 (ექვსი ათას სამას ორმოცდარვა) მოსწავლე.
სკოლები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სკოლების ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში ზოგიერთ შემთხვევაში არ აღირიცხებოდა ვიდეოჩანაწერების მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედება, კერძოდ: ინფორმაცია ჩანაწერების დათვალიერების (გადახვევა და დათვალიერება) და ჩანაწერის გარე მეხსიერების მოწყობილობაზე გადაწერის (ჩანაწერის ამოღება) შესახებ; ვიდეოჩამწერ მოწყობილობებზე წვდომის უფლების მქონე პირები კი არ სარგებლობდნენ განპიროვნებული მომხმარებლების ანგარიშებით და წვდომის მიზნით იყენებდნენ საერთო მომხმარებლის ანგარიშს. ერთ-ერთ სკოლაში ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში მომხმარებლის ანგარიშები შექმნილი იყო პაროლის გარეშე. სხვა სკოლაში გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც ვიდეოჩამწერი მოწყობილობის პაროლი უცნობი იყო ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების ადმინისტრირებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირისთვის (სსიპ ― „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“; შემდგომში ― მანდატურის სამსახური), რის გამოც შეუძლებელი იყო ვიდეოჩანაწერების მიმართ განხორციელებული მოქმედებების მონიტორინგი. ერთ-ერთი სკოლის შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში მონაცემების მიმართ განხორციელებული მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადაზე ნაკლები დროით ინახებოდა. ზემოაღნიშნული უსაფრთხოების მოთხოვნების დაუცველობიდან გამომდინარე, იქმნებოდა ვიდეომონიტორინგის გზით დამუშავებულ მონაცემთა უკანონო გამჟღავნების ან სხვაგვარი დამუშავების რისკები.
გეგმური შემოწმების შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ სკოლაში ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით, ვიდეომონიტორინგთან ერთად, ხორციელდებოდა აუდიომონიტორინგიც, რის თაობაზეც ინფორმაციას არ ფლობდა არცერთი თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი (სკოლა და მანდატურის სამსახური). იმდენად, რამდენადაც ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიური გამოყენებისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა მანდატურის სამსახურს ეკისრებოდა, სამსახურმა მიიჩნია, რომ მანდატურის სამსახურის მიერ აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის ფაქტის იდენტიფიცირებითა და შემდგომი რეაგირების განუხორციელებლობით დაირღვა კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები.
შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი სკოლა ვიდეომონიტორინგს ახორციელებდა ინფორმატიკის საკლასო ოთახში, რაზეც სკოლამ განმარტა, რომ აღნიშნული საჭირო იყო პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საკუთრების დაცვის, ასევე – ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირების მიზნით. ეს პოზიცია სამსახურმა არ გაიზიარა, ვინაიდან სკოლის მიერ დასახელებული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო ალტერნატიული საშუალებებითაც (მაგალითად, მასწავლებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში მატერიალური ფასეულობების დაცვის მიზნით შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინება, ნივთებზე პასუხისმგებელი/მეთვალყურე პირის გამოყოფა და სხვა). შესაბამისად, სკოლის მიერ ინფორმატიკის საკლასო ოთახში ვიდეომონიტორინგის განხორციელება სკოლის მიერ დასახელებული მიზნების მიღწევის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად არ იქნა მიჩნეული.
2 (ორი) სკოლის გეგმური შემოწმების შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში ვიდეოჩანაწერები ინახებოდა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე ეს საჭირო იყოს სკოლის მიერ დასახელებული/განსაზღვრული კანონიერი მიზნების მისაღწევად. რიგ შემთხვევებში სკოლების შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე არასაკმარისი რაოდენობით ან საერთოდ არ იყო განთავსებული ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები. ამასთან, 2024 წლის პირველი მარტის შემდგომ პერიოდში განთავსებული ნიშნები არ შეიცავდა ინფორმაციას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და მისი საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, რაც არ შეესაბამება კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. გარდა ამისა, სკოლებში ფიქსირდებოდა ისეთი ვიდეოკამერების არსებობის ფაქტები, რომლებიც ვიდეოჩამწერ მოწყობილობებთან არ იყო დაკავშირებული და არ ფუნქციონირებდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოკამერის განთავსების ფაქტი, თუნდაც ვიდეოჩაწერის განხორციელების გარეშე, ქმნის მონაცემთა სუბიექტის მცდარ წარმოდგენას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ხსენებულის საფუძველზე მონაცემთა სუბიექტს უყალიბდება თავისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის ცრუ მოლოდინი, რამაც შესაძლოა მისი მხრიდან საკუთარი ქცევის დამატებითი კონტროლი გამოიწვიოს.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები
კოლეჯებში ვიდეომონიტორინგის განხორციელების კანონიერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარეობდა კოლეჯების შენობანაგებობების როგორც შიდა (იგულისხმება სასწავლო აუდიტორიებიც), ისე – გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი, რის საფუძვლადაც კოლეჯების წარმომადგენლები უთითებდნენ კოლეჯის საკუთრების, მათ შორის ხსენებულ აუდიტორიებში განთავსებული ძვირადღირებული მოწყობილობებისა და ინვენტარის, დაცვას. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სივრცეებში მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი და, შესაბამისად, წარმოადგენდა კოლეჯის სტუდენტებისა და პედაგოგების სასწავლო/სამუშაო სივრცეს. განსახილველ შემთხვევაში სამსახურმა განმარტა, რომ საკუთრების უფლების დაცვა მართლაც შესაძლებელია კოლეჯის ლეგიტიმური მიზანი იყოს, თუმცა ორივე კოლეჯში ყოველწლიურად ტარდებოდა ინვენტარიზაცია. ამასთან, კოლეჯის პედაგოგებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები ითვალისწინებდა დასაქმებულების პასუხისმგებლობას კოლეჯის მატერიალურ ქონებაზე და სწორედ მათ ვალდებულებას განეკუთვნებოდა ხსენებულ აუდიტორიებში განთავსებული ინვენტარის, კერძოდ, მოწყობილობებისა და ნივთების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევების შემოწმება. ამასთან, სამსახურმა მიუთითა, რომ აუდიტორია წარმოადგენს პედაგოგების სამუშაო სივრცეს, სადაც, გარდა სწავლებისა, პედაგოგები კომუნიკაციას ამყარებენ სტუდენტებთან და ავითარებენ სოციალურ იდენტობას, რაც უმნიშვნელოვანესია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციისათვის და ექცევა პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო აუდიტორიებში ვიდეომონიტორინგი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად არ იქნა მიჩნეული. ასევე, შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი კოლეჯის შიდა პერიმეტრის ზოგიერთ სივრცეში, მიუხედავად მიმდინარე ვიდეომონიტორინგისა, გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებული არ იყო, რაც კანონის მე-10 მუხლის მე8 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევად შეფასდა. გარდა ამისა, გამოიკვეთა კოლეჯების მხრიდან მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევები. კერძოდ, დადგინდა, რომ კოლეჯების ვიდეოჩამწერ მოწყობილობებში არ აღირიცხებოდა ვიდეოჩანაწერების გადახვევა/დათვალიერება. ამასთან, ვიდეოსათვალთვალო სისტემებში მონაცემთა შენახვის ვადები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამავე სისტემებში ე. წ. „ლოგ ჩანაწერების“ შენახვის ვადებს. ასევე გამოიკვეთა, რომ არაუფლებამოსილი პირებს შეეძლოთ ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე რეალურ დროში დაკვირვება. სამსახურის გადაწყვეტილებით, სკოლები და მანდატურის სამსახური ზემოხსენებულ დარღვევებთან დაკავშირებით ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად კანონის 69-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაში, ხოლო კოლეჯები ამავე კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაში. იმავდროულად, გაიცა დავალებები ზემოხსენებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.
უნივერსიტეტები
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა 2 (ორი) კერძო და 2 (ორი) საჯარო უნივერსიტეტის მიერ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პორტალის (შემდგომში ― პორტალი) მეშვეობით სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. აღნიშნული პორტალების მეშვეობით უნივერსიტეტები ამუშავებდნენ 34 882-ზე (ოცდათოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცდაორზე) მეტი სტუდენტის მონაცემებს. ერთ-ერთი უნივერსიტეტის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პორტალის მონაცემთა ბაზაზე პირდაპირი წვდომის შემთხვევაში არ აღირიცხებოდა სტუდენტების მონაცემების მიმართ შესრულებულ მოქმედებები; 3 (სამი) უნივერსიტეტის შემოწმების ფარგლებში კი გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც, ზოგიერთი თანამშრომლის სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, ბუნდოვანი იყო სტუდენტების მონაცემებზე წვდომის საჭიროება. 2 (ორი) უნივერსიტეტის შემთხვევაში ამავე უნივერსიტეტების თანამშრომლებს სასწავლო პორტალებზე სტუდენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შეეძლოთ სისტემაში ავტორიზაციის გარეშე, ხოლო ავტორიზაციისას არ სარგებლობდნენ სათანადო სირთულის კომპლექსური პაროლებით და განპიროვნებული მომხმარებლის ანგარიშებით. ერთ-ერთი უნივერსიტეტის პორტალის მეშვეობით სტუდენტების მონაცემების ინტერნეტით გადაცემა არ იყო უზრუნველყოფილი დაშიფრული ფორმით (კერძოდ, არ გამოიყენებოდა „https“ პროტოკოლი). სამსახურის შეფასებით ზემოაღნიშნული გარემოებები, მათ შორის – მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირების ფართო წრისა და სტუდენტების მონაცემთა დიდი მოცულობის გათვალისწინებით, ქმნიდა მონაცემების უკანონო გამჟღავნების ან სხვაგვარად დამუშავების მნიშვნელოვან საფრთხეებს. ერთ-ერთი შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, კერძოდ, ინფორმაციას ეთნიკური წარმომავლობის (ეროვნების) შესახებ, ამუშავებდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის (მათ შორის – სტუდენტის წერილობითი თანხმობის) გარეშე. უნივერსიტეტმა შემოწმების ფარგლებში დაიწყო წერილობითი თანხმობის მოპოვების მიზნით ზომების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის მიმართ დადგინდა კანონის მე-6 მუხლის დარღვევა.
ასევე, ერთ-ერთი უნივერსიტეტი, სათანადო საჭიროების გარეშე, მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის არაპროპორციული მოცულობით ამუშავებდა სტუდენტების ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა, მაგალითად, სტუდენტის ოჯახური მდგომარეობა, მშობლების ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასევე, სტუდენტისთვის სკოლაში ოქროს ან ვერცხლის მედლის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც შემოწმების ფარგლებში უნივერსიტეტმა ვერ დაასაბუთა ჩამოთვლილი მონაცემების დამუშავების კონკრეტული საჭიროება, ქმედება სამსახურის მიერ შეფასდა, როგორც მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დარღვევა. შემოწმებების ფარგლებში ასევე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტს არ ჰქონდა შეფასებული პორტალში სტუდენტების მონაცემთა შენახვის ვადები და ამ ვადების ამოწურვის შემდგომ მონაცემთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების საკითხები, რაც მონაცემების არაპროპორციული ვადით შენახვის რისკებს ქმნიდა. სამსახურის გადაწყვეტილებით, ჩატარებული შემოწმებების შედეგად ერთერთ უნივერსიტეტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა კანონის 68- ე და 76-ე მუხლებით, ხოლო მეორეს ― 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. იმავდროულად, უნივერსიტეტებს დაევალათ შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა.
სამსახურმა გეგმურად შეისწავლა სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ აბიტურიენტთა და მობილობის მსურველ სტუდენტთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის ვებგვერდზე გასაჯაროების კანონიერება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უნივერსიტეტი ვებგვერდზე პროაქტიულად აქვეყნებდა აბიტურიენტთა და მობილობის მსურველ სტუდენტთა პერსონალური მონაცემების შემცველ, სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციას. ვებგვერდზე გასაჯაროებული ინფორმაცია მოიცავდა გამოცდაზე დაშვებული აბიტურიენტების/მობილობის მსურველი სტუდენტების სიას (აბიტურიენტთა/სტუდენტთა სახელსა და გვარს, ასევე – გამოცდაზე გამოცხადების კონკრეტულ დღესა და საათს, გამოცდის ჩატარების ადგილმდებარეობას (მისამართი)); გამოცდაზე აპელაციით დაშვებულ აბიტურიენტთა/მობილობის მსურველი სტუდენტების სიას (აბიტურიენტთა/სტუდენტთა სახელს და გვარს, ასევე – მათი გამოცდაზე გამოცხადების კონკრეტულ დღესა და საათს); მობილობის შემოქმედებითი კონკურსის საბოლოო შედეგებს (აბიტურიენტთა სახელს, გვარსა და გამოცდაზე მიღებულ ქულას).
უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ აბიტურიენტთა და მობილობის მსურველ სტუდენტთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც თარიღდებოდა 2023 წლით, უნივერსიტეტმა განმარტა, რომ მათი წაშლა უნივერსიტეტს გამორჩა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურდა, რომ შემოწმების პერიოდამდე 2023 წლის ინფორმაციის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. რაც შეეხება აბიტურიენტთა და მობილობის მსურველ სტუდენტთა პერსონალური მონაცემების შემცველი 2024 წლის ინფორმაციის ვებგვერდზე გასაჯაროებას, აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის, კერძოდ, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითა. უნივერსიტეტის განმარტებით, შემოქმედებითი ტურის გამოცდები ყოველ წელს ხდება საზოგადოების განხილვის საგანი და ვრცელდება ბრალდებები გამოცდების უსამართლოდ/არაობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის რეპუტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ შემოქმედებითი ტურების სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმდინარეობის დასადასტურებლად დანერგა უნივერსიტეტმა ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნების პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ შემოწმების ფარგლებში უნივერსიტეტმა ვერ დაასაბუთა, მის მიმართ რაიმე ტიპის საჯარო ბრალდებების და მცდარი ინფორმაციის გავრცელების ფაქტების არსებობა, რაც დაადასტურებდა უნივერსიტეტის რეპუტაციისა და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ ნდობის შელახვის საფრთხის რეალურობას. უნივერსიტეტმა ვერც ის გარემოება განმარტა, თუ რით უკავშირდება და როგორ უზრუნველყოფს აბიტურიენტების/სტუდენტების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოქვეყნება შემოქმედებითი ტურების მიმდინარეობის გამჭვირვალობასა და აღნიშნული პროცესის მიმართ საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბებას.
სამსახურმა ასევე არ გაიზიარა უნივერსიტეტის განმარტება, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება უზრუნველყოფდა აბიტურიენტების/მობილობის მსურველი სტუდენტების ინფორმირებას შემოქმედებითი ტურების მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების შესახებ. კერძოდ, სამსახურმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული სტუდენტების (სტუდენტთა შეზღუდული წრის) ინფორმირების მიზნით, მათთან დაკავშირებული მონაცემების საჯაროდ, ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი ფორმით ვებგვერდზე განთავსება დასახელებული (ინფორმირების) მიზნის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებად ვერ ჩაითვლებოდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში უნივერსიტეტმა შეცვალა ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესი და ნაცვლად მონაცემების იდენტიფიცირებული ფორმით (პირის სახელისა და გვარის მითითებით) გამოქვეყნებისა, შემოქმედებითი ტურების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო აბიტურიენტებისთვის/სტუდენტებისთვის მინიჭებული უნიკალური კოდების გამოყენებით. ამასთან, შემოწმების ფარგლებში უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის საბოლოო შედეგები, დაწესებულებისადმი აბიტურიენტებისა თუ სტუდენტების ნდობის ჩამოყალიბების მიზნით, სტუდენტთა თანხმობით იდენტიფიცირებული ფორმით გამოაქვეყნა აბიტურიენტთა/სტუდენტთა დახურულ ჯგუფში. საგულისხმოა, რომ თანხმობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა უნივერსიტეტმა ვერ შეძლო. ასევე დადასტურდა, რომ თანხმობის მოპოვებამდე დამუშავების კონკრეტული მიზნის შესახებ მონაცემთა სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ ხდებოდა, რის გამოც თანხმობა ვერ აკმაყოფილებდა კანონის მე-3 მუხლის „მ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ნიშანდობლივია, რომ ამავე შემოწმების ფარგლებში სამსახურმა იმსჯელა უნივერსიტეტის მიერ სტუდენტების მონაცემთა დამუშავების პროცესში სამართლიანობის პრინციპის დაცვის ვალდებულებაზეც და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მიერ არჩეული მონაცემთა დამუშავების ფორმა (დახურულ ჯგუფში მონაცემების სხვა სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომად გახდომა) ასევე არ წარმოადგენდა უნივერსიტეტის მიზნის ― აბიტურიენტებსა თუ სტუდენტებში ნდობის ჩამოყალიბების — აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას და თანხმობის არსებობის შემთხვევაშიც ქმნიდა მონაცემთა სუბიექტებისთვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების რისკებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ უნივერსიტეტს აბიტურიენტებისა და მობილობის მსურველი სტუდენტების მონაცემების შემცველი ინფორმაცია ვებგვერდზე გასაჯაროებული ჰქონდა კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. სამსახურის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს დაეკისრა პასუხისმგებლობა კანონის 67-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და დაევალა ზემოხსენებული დარღვევის აღმოფხვრა.