ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-16

დანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“Datilsynet”) გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მონაცემთა დამუშავების შესახებ


მონაცემთა სუბიექტის მიმართვის საფუძველზე დანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“Datilsynet”) კომპანია “IDA Forsikring”-ის მიერ სატელეფონო ზარების ჩაწერისა და ანალიზის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო[1].

კომპანია სერვისის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებთან სატელეფონო საუბარს იწერდა და შემდეგ ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით აანალიზებდა.

მოკვლევის ფარგლებში დანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ მონაცემთა სუბიექტებისგან თანხმობის მიღების გზა არ იყო საკმარისად ცალსახა, რადგან მხოლოდ ერთი ზოგადი თანხმობით ხორციელდებოდა რიგი ინფორმაციის შეგროვება, ხოლო მომხმარებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა თანხმობა გაეცა ცალკეულ დამუშავებებზე. ასევე, დადგინდა, რომ მონაცემთა დამუშავება კანონიერად მიიჩნევა, როდესაც კომპანიაში დასაქმებული პირები თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში საუბრობენ ტელეფონზე,            რამდენადაც არსებობს ლეგიტიმური მიზანი - სერვისის გაუმჯობესება.

“Datatilsynet”-მა დაადგინა, რომ AI-ის გამოყენება სატელეფონო ზარების ჩანაწერების გასაანალიზებლად არის მართლზომიერი და შეესაბამება მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას (არ არის აკრძალული “GDPR”-ის 9(1) მუხლით). Datatilsynet-მა ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ “IDA Forsikring” იწერდა სატელეფონო საუბრებს კომპანიის პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და “GDPR”-ის მე-13 მუხლის შესაბამისად.

დანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ვერ აღმოაჩინა დარღვევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, თუმცა მოუწოდა კომპანიას პროცესების მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ.

 

[1] Denmark: Datatilsynet issues decision on use of AI for analyzing recorded telephone conversations, <https://www.dataguidance.com/news/denmark-datatilsynet-issues-decision-use-ai-analyzing>, [29.08.2024].

 

ფოტო გალერეა

მსგავსი #Datanewsroom