ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-19

ინფორმაცია ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ ტაქსის აპლიკაცია „უბერის“ მონაცემთა გადაცემის წესის დარღვევისთვის დაჯარიმების შესახებ


ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ტაქსის კომპანია „უბერი“ €290 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ევროპელი ტაქსის მძღოლების შესახებ პერსონალური მონაცემების გადაცემისათვის ამავე კომპანიის ამერიკის სერვერებზე. [1] ტაქსის კომპანია მონაცემებს გადასცემდა ისეთი მეთოდებით, რომელიც არ ფილტრავდა გადასაცემ ინფორმაციას.[2]

ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ ტაქსის აპლიკაცია ორი წლის განმავლობაში აგროვებდა და ამერიკის სერვერებზე ინახავდა ევროპელი ტაქსის მძღოლების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ფოტოსურათებს[3], პირადობის დამადასტურებელი, ტაქსის ლიცენზიების, გეოგრაფიული მდებარეობის, სამედიცინო და გადახდების ინფორმაციას[4].

საზედამხედველო ორგანოს განცხადებით,  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ამერიკის სერვერებზე  მონაცემთა დაცვის ზომების გათვალისწინების გარეშე გადაიცემოდა, რაც მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მონაცემთა გადაცემისათვის წესების დარღვევისათვის კომპანია „უბერი“ მეხუთედ დაჯარიმდა.

გამოძიების დაწყების საფუძველი

ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ გამოძიება დაიწყო 170 ფრანგი ტაქსის მძღოლის მიერ 2021 წელს ფრანგულ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებების ლიგა“ („Ligue des droits de l’Homme“) საჩივრის შეტანის საფუძველზე.

ტაქსის კომპანიის სათავო ოფისი ევროპის, აფრიკის და შუა აღმოსავლეთის რეგიონისათვის ამსტერდამშია დაფუძნებული, შესაბამისად, წინამდებარე გამოძიება ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილების სფეროში მოექცა.  ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ გასულ წელს კომპანია „უბერი“ 10 მილიონი, ხოლო 2016 წელს 600 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.

2023 წლის დეკემბერში საზედამხედველო ორგანომ გამოავლინა, რომ ტაქსის კომპანია დროულად არ პასუხობდა მონაცემთა სუბიექტების (კომპანიაში დასაქმებული მძღოლების) მოთხოვნებს იმ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, რომელსაც კომპანია ფლობდა და ამუშავებდა კომპანიაში დასაქმებული მძღოლების შესახებ.

ამავდროულად, საფრანგეთის მონაცემთა საზედამხედველო ორგანოსთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი არასრულ ინფორმაციას შეიცავდა მონაცემთა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაცემის თაობაზე.

საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ წინამდებარე ჯარიმის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, და აღნიშნა გამჭვირვალობის უდიდესი მნიშვნელობა მონაცემთა კანონიერად გადაცემისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვისათვის.

ტაქსის კომპანია „უბერის“ საპასუხო განცხადება

ტაქსის კომპანია მონაცემთა სუბიექტებისათვის ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის დაგვიანების შემთხვევებს უარყოფს. კომპანიის განცხადებით 2023 წელს დაკისრებული ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდა და კვლავ განხილვის პროცესშია.

 

ტაქსის კომპანიამ შეწყვიტა მონაცემთა  გადაცემის ის პრაქტიკა, რომლისთვისაც დაჯარიმდა[5] და აპირებს გაასაჩივროს ბოლო, 2024 წლის ჯარიმა, ვინაიდან ჯარიმის შესახებ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მსჯელობას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

მსგავსი #Datanewsroom