2024-09-20
ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს კონფიდენციალურობის პოლიტიკის ინსტრუმენტის ( ” Privacy Notice Generator”) შესახებ
2024 წლის 20 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს საზედამხედველო ორგანომ გამოაქვეყნა კონფიდენციალურობის პოლიტიკის ონლაინ ინსტრუმენტი”[1] Privacy Notice Generator“ [2] მცირე და საშუალო ზომის დაწესებულებებისათვის.
ინსტრუმენტი დაწესებულებებს ეხმარება პერსონალიზებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში. მისი გამოყენება შეუძლიათ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკის, ფინანსების, სადაზღვევო, სამართლის, განათლების, ბავშვებზე მზრუნველობის, გაყიდვების, წარმოებისა და არაკომერციულ სფეროში. ინსტრუმენტი მიზნად ისახავს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მარტივად გასაგები რესურსებითა და ფორმატით გადმოცემას.
ინსტრუმენტი ორ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის დოკუმენტს ქმნის: პირველი ტიპი გათვლილია ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციისა და გამოყენებისთვის, მეორე კი იქმნება ვებგვერდებზე გამოსაქვეყნებლად, გარე მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მიზნებისათვის. ინსტრუმენტი შეიქმნა საზედამხედველო ორგანოს სტრატეგიული გეგმის „ICO25“-ის ფარგლებში, საზედამხედველო ორგანოს მიერ შეთავაზებული მომსახურეობის გაუმჯობესებისა და მცირე ბიზნესებისათვის შესაბამისობის საკითხებში გარკვევის გასამარტივებლად.
საზედამხედველო ორგანოს განცხადებით, მცირე ბიზნესებთან სისტემატიური დიალოგის საფუძველზე დადგინდა,[3] რომ ხშირად მცირე ბიზნესებს არ გააჩნიათ მონაცემთა მართვისათვის სათანადო დრო და რესურსები. ინსტრუმენტის შექმნის პროცესში მიმდინარეობდა კონსულტაციები პოტენციურ მომხმარებლებთან, მათი საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით.
ინსტრუმენტმა ჩაანაცვლა მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების წესი, რომელიც შაბლონის ფორმით იყო შედგენილი მცირე ბიზნესებისათვის. ბიზნესები ამ ფორმაზე დაყრდნობით მონაცემთა სუბიექტებს უხსნიდნენ, თუ როგორ იქნებოდა გამოყენებული მათი პერსონალური მონაცემები, თუმცა, წინამდებარე ფორმა არ იყო მარტივად აღსაქმელი და მცირე ბიზნესები ხშირად მიმართავდნენ კითხვებით საზედამხედველო ორგანოს.
გაზაფხულიდან ინსტრუმენტის სატესტო გამოყენება დაიწყო ორმოცმა ბიზნესმა. პირველ თვეში გამოსაცდელი რეჟიმით დაინტერესდა 5,000 დაწესებულება. ხელსაწყო უფასოა, იგი მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს. გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო მზადყოფნას გამოხატავს, დაეხმაროს ბიზნესებს ინსტრუმენტის გამოყენების საკითხებში.