ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-25

კომპანია “Meta” სოციალურ ქსელების მომხმარებელთა საჯაროდ ხელმისაწვდომ ფოტოებსა და პოსტებს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შემოწმების მიზნით გამოიყენებს


კომპანია Meta”-ს მიერ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შემოწმების მიზნით, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამში“ განთავსებული საჯარო ფოტოებისა და პოსტების გამოყენებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საკითხს განსაკუთრებული რეზონანსი ავსტრალიაში მოჰყვა, როდესაც რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლოთ უარი განეცხადებინათ საჯაროდ განთავსებული ფოტოებისა და პოსტების აღნიშნული მიზნით გამოყენებაზე.

მიმდინარე წლის ივლისში, კომპანია Meta-მ დაადასტურა, რომ შეჩერდებოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისთვის. მიუხედავად ამისა, მომხმარებლებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება, რათა საჯაროდ განთავსებული მონაცემები ხელმისაწვდომი გამხდარიყო დამუშავების აღნიშნული მიზნებისათვის.[1]

ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაურკვეველი აღმოჩნდა ის სტანდარტი, რომელიც კომპანიამ ევროკავშირში რეგისტრირებული მომხმარებლების მიმართ დაადგინა. კომპანია Meta-მ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაიმე ნიშნით დაყოფის მიზანს არ ატარებდა. ამდენად, ავსტრალიაში სოციალურ პლატფორბემზე 2007 წლიდან რეგისტრირებული მომხმარებლების მიერ საჯაროდ განთავსებული ფოტოები და პოსტები ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისთვის იქნება გამოყენებული, რომლის პრევენციის ერთადერთ საშუალებას მომხმარებლების მიერ საკუთარი მონაცემების წაშლა ან საჯარო გამოქვეყნების შეზღუდვა წარმოადგენს.

ავსტრალიაში რეგისტრირებულ მილიონობით მომხმარებელს კომპანია Meta”-ს გადაწყვეტილება არჩევანის წინაშე აყენებს, შეწყვიტონ აღნიშნული სოციალური ქსელებით სარგებლობა ან მათი სარგებლობით ავტომატურად დაეთანხმონ საკუთარი მონაცემების გამოყენებას ხელოვნური ინტელექტის ტესტირებისთვის.

საგულისხმოა, რომ საკითხის შესაფასებლად ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობას დროულ რეაგირებას სთხოვენ.

 

[1] Meta’s AI is Scraping Users’ Photos and Posts, <https://www.linkedin.com/posts/edpo_metas-ai-is-scraping-users-photos-and-posts-activity-7239536996065447938-jjRf/> [11.09.2024].

მსგავსი #Datanewsroom