2024-11-19
ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ ავიაკომპანია „რაინეარის“მონაცემთა დამუშავებისა და ვერიფიკაციის სისტემის შესწავლა დაიწყო
ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ განაცხადა,[1] რომ დაიწყო ავიაკომპანია „რაინეარის“ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის და კლიენტთა ვერიფიკაციის სისტემის შესწავლა. სისტემა გამოიყენება „რაინეარის“ იმ მომხმარებლებთან მიმართებით, რომლებიც ფრენებს ტურისტული სააგენტოების ან მესამე მხარის ვებგვერდების გამოყენებით ჯავშნიან.
საქმის შესწავლის დაწყების საფუძველი:
საზედამხედველო ორგანომ საქმის შესწავლა არაერთი მონაცემთა სუბიექტის საჩივრის საფუძველზე, კომპანია „რაინეარის“ მიერ, დამატებით დოკუმენტის სახით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნის შესახებ დაიწყო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „რაინეარი“ მომხმარებლებს ბილეთების მისი ვებგვერდის გამოყენებით დაჯავშნის შემთხვევაში, ვერიფიკაციას არ სთხოვდა. შესაბამისად, მათ დამატებით არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაგზავნა მოეთხოვებოდათ. თუმცა, ბილეთების მესამე მხარის ვებგვერდების გამოყენებით დაჯავშნის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტების ვერიფიკაციის მიზნით, „რაინეარი“ სხვადასხვა დოკუმენტის (მათ შორის, ბიომეტრიულ მონაცემებს) წარდგენას ითხოვდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავდა მონაცემთა სუბიექტების ბიომეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით, სახის ამომცნობი სისტემით ვერიფიკაციასაც.
ირლანდიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო უახლოს მომავალში გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ავიაკომპანიის მონაცემთა დამუშავების პროცესის ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.
„მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ მოსაზრება ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებასთან დაკავშირებით:
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში „მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ“ გამოსცა მოსაზრება,[2] რომელშიც კიდევ ერთხელ იქნა განხილული ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები და შესაბამისი რისკები. საბჭომ ყურადღება გაამახვილა სახის ამომცნობ ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებამაც მონაცემთა სუბიექტების უფლებებზე და თავისუფლებებზე შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.
საბჭო მიიჩნევს, რომ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებთან ასოცირებული მაღალი რისკის გამო, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებელი საჭიროებების დროს და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით.