ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-02

საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო (“CNIL”) მოხუცთა თავშესაფრებში ვიდეომეთვალყურეობის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა


2024 წლის 2 მაისს, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) გამოაქვეყნა რეკომენდაცია მოხუცთა თავშესაფრებში ვიდეოთვალთვალის განხორციელების შესახებ.[1] ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. რეკომენდაციაში განმარტებულია ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ვიდეომონიტორინგის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი. მიზანშეწონილია, რომ სამეთვალყურეო სისტემების დამონტაჟებამდე, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა:

  • დროთა განმავლობაში შეზღუდონ სისტემის აქტივაცია;
  • ბენეფიციართა ახლობლების ვიზიტის განმავლობაში განახორციელონ ვიდეოკამერების დეაქტივაცია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს არასათანადო მოპყრობის დასაბუთებული ეჭვი);
  • განსაზღვრონ ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი და შეიმუშაონ გამოყენების პირობების შიდა რეგულაცია;
  • ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟების შესახებ აცნობონ თანამშრომლებს;
  • მოიპოვონ ბენეფიციართა თანხმობა;
  • უზრუნველყონ ვიდეოგამოსახულების გაბუნდოვანება ისეთი სივრცის მეთვალყურეობისას, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს;
  • უზრუნველყონ აღნიშნული სისტემების მართვასა და დანერგვაზე პასუხისმგებელი პერსონალის ცნობიერების ამაღლება და გადამზადება.

შემუშავებულ რეკომენდაციაში საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) აღნიშნა, რომ სავალდებულოა მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება (Data Protection Impact Assessment)[2], როდესაც შესაძლებელია, პერსონალური მონაცემების დამუშავებამ გამოიწვიოს ფიზიკური პირების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის მაღალი რისკი. სარეკომენდაციო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიდეომონიტორინგი წარმოშობს ამგვარ რისკს და, შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს მართებთ, სათანადოდ შეაფასონ მონაცემთა დამუშავების პროცესის შესაძლო გავლენა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზ[3].

 

[1] https://www.dataguidance.com/news/france-cnil-publishes-recommendation-surveillance

[2] აღსანიშნავია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი ითვალისწინებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებას, წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე.

[3] ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეკომენდაციები ვიდეომონიტორინგის და აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე, იხ. ბმულზე.

მსგავსი #Datanewsroom