ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-22

გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“ICO”) ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თაობაზე სახელმძღვანელო გამოაქვეყნა


2024 წლის 15 აპრილს, გაერთიანებული სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“ICO”) ჯანდაცვის სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა,[1] რომლის ძირითადი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. იგი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლების ჯანდაცვის სფეროში პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. სახელმძღვანელო შედგება შემდეგი ძირითადი თავებისგან: გამჭვირვალობის მნიშვნელობა; გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გამჭვირვალობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; გამჭვირვალობის შეფასება.

სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სექტორში მუდმივად მუშავდება ფიზიკური პირის ჯანმრთელობასა და მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მომსახურების მიღების მიზნით, მონაცემთა სუბიექტის მიერ გაიცემა. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, რომელიც თავისი ბუნებით არის სენსიტიური ხასიათის და საჭიროებს გაძლიერებულ დაცვას.

გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის თანახმად, გამჭვირვალობა ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ამასთან, აღიარებულია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა. სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, ამგვარი მონაცემების დასაცავად აუცილებელია დამატებითი საზედამხედველო მექანიზმის შემუშავება, რათა მონაცემთა სუბიექტს ჰქონდეს ნდობა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლის მიმართ საკუთარი პერსონალური მონაცემების გაზიარებისას.

სახელმძღვანელოში განხილულია პოტენციური საფრთხეები ინდივიდთა მონაცემების დამუშავების პროცესში. კერძოდ, არსებობს მონაცემთა სუბიექტების მიმართ ფიზიკური, მატერიალური და არამატერიალური ზიანის მიდგომის რისკი. ამდენად აუცილებელია, მონაცემთა სუბიექტებს მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია მათი პერსონალური მონაცემების გამოყენების ფარგლებთან დაკავშირებით, მათ შორის, პირადი ინფორმაციის დამუშავების მიზნის შესახებ.

სახელმძღვანელოში, ასევე, წარმოდგენილია პრაქტიკული მაგალითები და ჯანდაცვის სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელი პუნქტები (“Checklist”).

 

 

 

 

[1] ICO (Information Commissioner’s Office), Transparency in health and social care, 15 April 2024,

<https://ico.org.uk/media/for-organisations/uk-gdpr-guidance-and-resources/data-protection-principles/transparency-in-health-and-social-care-1-0.pdf>.

 

მსგავსი #Datanewsroom