2024-04-26
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის ფარგლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების სივრცის შექმნაზე შეთანხმდნენ
ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ფარგლებში „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემთა სივრცის“ (“EU Health Data Space”)[1] შექმნის ინიციატივას. აღნიშნული პლატფორმა დაეხმარება ფიზიკურ პირებს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მარტივად მიღებასა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მათ უსაფრთხო გაზიარებაში.
სისტემის მეშვეობით, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ელექტრონულად ჰქონდეთ წვდომა მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყანაში იმყოფებიან. გარდა ამისა, პლატფორმა საშუალებას მისცემს სამედიცინო პერსონალს, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, დაამუშავოს ბენეფიციარის სამედიცინო ჩანაწერები, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მონაცემების უსაფრთხო გაზიარებას. ინიციატივის ფარგლებში ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები მოიცავს ზოგად ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე, ექიმის მიერ გაცემულ დანიშნულებებს, სამედიცინო ხასიათის სურათებს (ექოსკოპია, რენტგენი, ა. შ.) და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. გარდა ამისა, “EU Health Data Space” გააადვილებს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ევროკავშირის სხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებთან “MyHealth@EU” სისტემის გამოყენებით.
პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, მონაცემთა სუბიექტთა ანონიმურობის სრული დაცვით, სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების მიზნებისთვის ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების, ასევე, გენეტიკური მონაცემების დამუშავება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იშვიათი დაავადებების სამკურნალო საშუალებების შემუშავებას.
აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია, რომ წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების გაცვლის მიზნით; ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს პაციენტის მონაცემების დაცვა და კონფიდენციალურობა; ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელ პირებს გააჩნდეთ საჭირო უნარები და კვალიფიკაცია ახალი მიდგომების გამოსაყენებლად.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში კონფიდენციალობის დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მონაცემთა სუბიექტებს შეეძლებათ, უარი განაცხადონ სამედიცინო პერსონალისთვის მათ მონაცემებზე წვდომაზე, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე პაციენტის სასიცოცხლო ინტერესებს შეეხება. მონაცემთა სუბიექტები, ასევე, ისარგებლებენ უფლებით, აკრძალონ პერსონალური მონაცემების შემდგომი დამუშავება კვლევითი მიზნებისათვის.
ზემოხსენებული ინიციატივის შესახებ შეთანხმების ევროპული საბჭოს მიერ ოფიციალურად დადასტურების შემდგომ, ინიციატივა ორი წლის შემდეგ განხორციელდება. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირის მოქალაქეთა საჭიროებებთან, რომლებიც ასახულია „ევროპის მომავლის კონფერენციის დასკვნებში“ (“Conference of the Future of Europe”) და გულისხმობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემთა სივრცის შექმნის, ასევე, ჯანდაცვის მომავლის ფორმირებაში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას.
[1] https://gdprbuzz.com/news/meps-approve-eu-health-data-space/