2024-05-28
ჰონგ-კონგის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“PCPD”) პროექტ “Worldcoin”-ის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევა დაადგინა
2024 წლის 22 მაისს, ჰონგ-კონგის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“PCPD”) გამოაქვეყნა გადაწყვეტილება,[1] რომელიც პროექტ “Worldcoin”-ის[2] ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას შეეხება.
საზედამხედველო ორგანომ ინსპექტირება 2024 წლის იანვარში დაიწყო, რათა დაედგინა ჰონგ-კონგში განხორციელებული პროექტ “Worldcoin”-ის ფარგლებში მონაცემთა დამუშავების ოპერაციების შესაბამისობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. ადგილზე შემოწმებები საზედამხედველო ორგანომ განახორციელა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც “Worldcoin”-ის პროექტში იყვნენ ჩართულნი. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ პროექტ “Worldcoin”-ის ფარგლებში მუშავდებოდა მონაცემთა სუბიექტების სახისა და თვალის ფერადი გარსის ფოტოსურათები, მათი იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნული კი წარმოადგენდა “Worldcoin”-ის მონეტისა და კრიპტოვალუტის მიღების წინაპირობას. “Worldcoin”-ის პროექტის მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, დაადასტურა, რომ მონაცემთა სუბიექტების ვერიფიკაციისთვის, სისტემაში 8 302 ფიზიკური პირის სახისა და თვალის გარსის დასკანერებული ვერსია ინახებოდა.
მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად, “PCPD”-მ აღნიშნა, რომ დაირღვა მონაცემთა დაცვის ძირითადი პრინციპები, ასევე, მონაცემთა სუბიექტის წვდომისა და გასწორების უფლებები. კერძოდ, საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ:
- პროექტ “Worldcoin”-ის ფარგლებში არ არსებობდა სახისა და თვალის ფერადი გარსის სურათების შეგროვების საჭიროება, რაც მონაცემთა გადაჭარბებული მოცულობით დამუშავებას წარმოადგენდა;
- პროექტის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე „კონფიდენციალობის შესახებ“ განაცხადი მონაცემთა სუბიექტებისათვის არ იყო ჩინურ ენაზე ხელმისაწვდომი ისევე, როგორც „ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების შესახებ“ თანხმობის ფორმა. ამასთან, მონაცემთა დამუშავების მიზანი არ იყო მკაფიოდ განმარტებული და მონაცემთა სუბიექტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების თაობაზე;
- პერსონალური მონაცემების შეგროვებამდე, მონაცემთა სუბიექტები არ იყვნენ სრულად ინფორმირებულნი მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნის, მესამე პირებისათვის მონაცემთა შესაძლო გადაცემის, მათი უფლებების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და გასწორების შესახებ;
- “Worldcoin”-ის ფარგლებში პერსონალური მონაცემების 10 წლის ვადით შენახვა არ იყოს დამუშავების მიზნის პროპორციული;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და პრაქტიკა არ იყო მონაცემთა სუბიექტებისათვის საკმარისად გამჭვირვალე და ჩინურ ენაზე ხელმისაწვდომი, რის გამოც დაინტერესებული პირები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ დაავალა მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, რომ ჰონგ-კონგში განხორციელებული პროექტ “Worldcoin”-ის ფარგლებში შეეწყვიტა მონაცემთა სუბიექტების სახისა და თვალის ფერადი გარსის სურათების დამუშავება.
[2] “Worldcoin” წარმოადგენს კრიპტო პროექტს (“Cryptocurrency Project”), რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გლობალურ ეკონომიკაზე წვდომის ხელშეწყობა, <https://worldcoin.org/> [27.05.2024].