ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-29

„გერმანიის მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელ ორგანოთა კონფერენციამ“ (“DSK”) პაციენტის მონაცემთა დაცვის შესახებ რეზოლუცია გამოაქვეყნა


2024 წლის 15 მაისს, გერმანიის მონაცემთა დაცვის კონფერენციამ (“DSK”) გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც პაციენტების მონაცემთა დაცვის გარანტიებს შეეხება.[1] კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტისას დამუშავებული მონაცემების შენახვისა და წაშლის წესების არარსებობა წარმოადგენს ერთგვარ  გამოწვევას.

საკითხის გადასაწყვეტად, გერმანიის მონაცემთა დაცვის კონფერენციაზე განხილულ იქნა  რამდენიმე რეკომენდაცია:

  • ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ჰესენში არსებული რეგულაციების თანახმად, საავადმყოფოებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევებისთვის, თუ ისინი გადახდისუუნარობის ან მოულოდნელი ლიკვიდაციის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან და წარუდგინონ აღნიშნული დოკუმენტი უფლებამოსილ საზედამხედველო ორგანოს;
  • სახელმწიფომ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოს დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაუდებელ სიტუაციებში პაციენტის პერსონალურ მონაცემის შენახვა, ხოლო სარეზერვო ასლების უზრუნველსაყოფად დაფინანსება გაგრძელდეს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში;
  • დღესდღეობით სამედიცინო დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა შენახვის, წაშლისა და გადაცემის საკითხები კანონმდებლობით ზუსტად არ არის მოწესრიგებული. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ  საავადმყოფოს მენეჯმენტმა შეიმუშავოს და უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტების სამედიცინო ჩანაწერების მოკლევადიანი უსაფრთხო შენახვის მექანიზმები.

ჯანდაცვის მინისტრთა კონფერენცია აღნიშნულ საკითხს მომავალ შეხვედრაზე განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის სფეროში მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დაცვის სათანადო გარანტიები.

 

 

 

 

 

 

[1]DSK” წარმოადგენს გერმანიის ფედერალურ მიწათა დამოუკიდებელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ყოველწლიურ კონფერენციას  <https://www.dataguidance.com/news/germany-dsk-publishes-resolution-patient-data>, [28.05.2024]. 

მსგავსი #Datanewsroom