2025-11-20
შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (“FDPIC”) განცხადება მაღაზია “Coop”-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე
შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“FDPIC”) მაღაზია “Coop”-ის (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი) მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.[1]
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მაღაზიის მიერ თვითმომსახურების სალაროებთან დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები აღჭურვილი იყო პიქტოგრამით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდებოდა იმ მომხმარებლის იდენტიფიცირება, რომელსაც ყველა პროდუქტი დასკანერებული არ ჰქონდა.
საზედამხედველო ორგანომ შეაფასა პერსონალური მონაცემების ზემოაღნიშნული საშუალებებით დამუშავების კანონიერება.
“FDPIC”-მ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, საკითხის წინასწარი მოკვლევა დაიწყო და კომპანია “Coop”-ს სთხოვა განმარტებები შემდეგ საკითხებზე:
- ვიდეოკამერების საშუალებით როგორ მუშავდებოდა პერსონალური მონაცემები;
- კონკრეტულად რა მონაცემები მუშავდებოდა;
- რა განსხვავება იყო სტანდარტულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებსა და მაღაზიის მიერ დანერგილ სისტემებს შორის;
- რა მიზნით მუშავდებოდა პერსონალური ინფორმაცია;
- როგორ უზრუნველყოფდა ორგანიზაცია გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას;
- როგორ სრულდებოდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საკითხის წინასწარი მოკვლევის შედეგად და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზედამხედველო ორგანომ დაადგინა, რომ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები არ იყო აღჭურვილი სახის ამომცნობი ფუნქციით და, ასევე, არ ხორციელდებოდა მომხმარებელთა შესყიდვების ჩვევების ანალიზი.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ იქნა შესწავლილი კამერების ფუნქციონირება, საზედამხედველო ორგანომ დაასკვნა, რომ მონაცემთა დამუშავება შესაბამისობაში იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. აგრეთვე, აღინიშნა, რომ მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობდა რისკები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანომ საქმის წინასწარი მოკვლევის ეტაპზე დაასრულა საქმის განხილვა და სრულყოფილი ინსპექტირება აღარ განახორციელა.