2025-12-10
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნებისა და გადაცემის შესახებ
2025 წლის 6 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ს.მ. მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ (საჩივარი № 56353/15)[1] გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლის („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“) დარღვევა. საჩივარი ეხებოდა მონაცემთა სუბიექტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების უკანონო გამჟღავნებას სასამართლო სხდომაზე და მის შემდგომ გადაცემას სახელმწიფო უწყებებისთვის.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი, ს.მ., მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა ქონებრივ დანაშაულზე გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში, 2012 წლის 2 თებერვალს, მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხეს მომჩივნის ნათესავი ექიმი „ბ“, რომელიც ამავდროულად იყო სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების, ბუიუკანის სამედიცინო ტერიტორიული ასოციაციის (“Buiucani Medical Territorial Association – MTA”) უროლოგი. გამოკითხვისას „ბ“-მ საკუთარი ინიციატივით განაცხადა, რომ წარსულში მკურნალობდა მომჩივანს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამომძიებლის მხრიდან შეკითხვა არ დასმულა.
მომჩივანმა, რომელიც ესწრებოდა დაკითხვას, მიიჩნია, რომ ექიმის აღნიშნული განცხადება წარმოადგენდა მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების უკანონო გამჟღავნებას. აღნიშნულის საფუძველზე ს.მ.-მ საჩივრით მიმართა მოლდოვას რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. სამინისტრომ, შიდა განხილვის ნაცვლად, საჩივარი, მომჩივნის წინასწარი თანხმობის გარეშე, გადააგზავნა სხვა სახელმწიფო უწყებებში — კერძოდ, ბუიუკანის ასოციაციაში (“MTA”), კიშინიოვის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დეპარტამენტში (“HDCM”) და მოლდოვას რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ცენტრში.
მოლდოვას რესპუბლიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულმა ცენტრმა 2012 წლის 5 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს გასცა წერილობითი პასუხი, რომელშიც განაცხადა, რომ:
- ექიმ „ბ“-ს არ ჰქონდა უფლება, გაემჟღავნებინა მომჩივნის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რადგან გამოძიება ეხებოდა ეკონომიკურ დანაშაულს და გამომძიებლის მხრიდან არ ყოფილა დასმული შესაბამისი შეკითხვა;
- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომჩივნის საჩივრის გადაგზავნა სხვა სახელმწიფო უწყებებში არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან არ არსებობდა არც მომჩივნის მკაფიო თანხმობა და არც განსაკუთრებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამორიცხავდა თანხმობის საჭიროებას.
მომჩივანმა სარჩელით მიმართა ეროვნულ სასამართლოებს ჯანდაცვის სამინისტროს, ბუიუკანის ასოციაციისა და კიშინიოვის ჯანმრთელობის დეპარტამენტის წინააღმდეგ. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით მომჩივნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ:
- ექიმი „ბ“ მოქმედებდა კერძო პირის სტატუსით და არ წარმოადგენდა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნება საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დაშვებული იყო, ხოლო ექიმი „ბ“-ს მტკიცებით, დაკითხვამდე გამომძიებელმა გააფრთხილა ცრუ ჩვენების შემთხვევაში შესაძლო პასუხისმგებლობაზე, რის გამოც იგრძნო ვალდებულება სრულად ეპასუხა ყველა შეკითხვაზე;
- რაც შეეხება სამინისტროს მიერ საჩივრის სხვა უწყებებისთვის გადაგზავნას, აღნიშნული განხორციელდა უწყებრივი კომპეტენციის დაშვებულ ფარგლებში.
მომჩივანმა ასევე შეიტანა საჩივარი საგამოძიებო ორგანოში ექიმ „ბ“-ს წინააღმდეგ, თუმცა გამოძიება 2017 წლის მარტში შეწყდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება
სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დაცვა წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსებით ნაწილს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების უკანონო გამჟღავნება კი არის არა მხოლოდ უკიდურესად სერიოზული ჩარევა კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში, არამედ იგი ხელყოფს საზოგადოების ნდობას სამედიცინო პროფესიისა და ჯანდაცვის სექტორისადმი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ დანაშაულის გამოძიების ან მისი პრევენციის მიზანმა შესაძლოა, გადაწონოს პაციენტის ინტერესები, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩარევა მკაფიოდ დასაბუთებულია და ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზანს.
სასამართლომ განსაზღვრა, რომ მოცემულ საქმეში სახეზე იყო ჩარევის ორი შემთხვევა:
- ექიმის მიერ მომჩივნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას;
- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომჩივნის საჩივრის გადაგზავნა სხვა სახელმწიფო უწყებებში.
- ექიმის მიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნება
მთავრობა ამტკიცებდა, რომ ექიმი „ბ“ დაკითხეს არა როგორც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი, არამედ როგორც კერძო პირი — შესაბამისად, მისი ქცევა ვერ ჩაითვლებოდა სახელმწიფოს ჩარევად მომჩივნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში.
სასამართლომ დაადასტურა, რომ ექიმი „ბ“ მართლაც არ იყო ოფიციალურად მოწვეული, როგორც სამედიცინო ექსპერტი, ხოლო გამომძიებლის შეკითხვები ეხებოდა მხოლოდ მის პირად ურთიერთობას ბრალდებულთან. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ექიმი „ბ“-ს ქმედება უნდა შეფასებულიყო სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს პირის უფლებების დაცვა მესამე პირთა თვითნებური ჩარევისგან — საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების გზით.
სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ამ შემთხვევაში მოითხოვდა იმის უზრუნველყოფას, რომ ექიმებს არ ჰქონოდათ პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობა, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლისა და შესაბამისი პროცესუალური გარანტიების გარეშე. ამასთან, დარღვევის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონოდა შიდა სამართლებრივი დაცვის შეშუალებებზე ეფექტიანი წვდომა.
მოცემულ საქმეში:
- ექიმი „ბ“-ს მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია — მომჩივნის სქესობრივი გზით გადამდები დაავადების შესახებ — წარმოადგენდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელსაც ამასთან ახლდა საზოგადოებრივი სტიგმა;
- „პაციენტის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ“ მოლდოვას რესპუბლიკის კანონის მე-12(4)(c) მუხლის თანახმად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები შესაძლოა, გამჟღვანებულიყო საგამოძიებო ორგანოს ჯეროვნად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რაც მოცემულ საქმეში სახეზე არ იყო;
- ამასთან, გამოძიების მასალების გასაიდუმლოება ვერ იქნებოდა საკმარისი დამაბალანსებელი გარემოება, ვინაიდან თავად ფაქტი — პაციენტის სამედიცინო ინფორმაციის გამჟღავნება მაგისტრატი მოსამართლისა და სხდომაზე დამსწრე პირების წინაშე — უკვე წარმოადგენდა ჩარევას პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში.
- შიდა სასამართლოებმა უსაფუძვლოდ უარყვეს მომჩივნის სარჩელი ეროვნულ დონეზე და ვერ წარმოადგინეს არგუმენტი, რომელიც ლეგიტიმურად გაამართლებდა ექიმის ქცევას ან სახელმწიფოს მიერ ადეკვატური ზომების მიუღებლობას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მომჩივნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა ექიმის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნებისგან, რაც წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში.
- სამინისტროს მიერ ინფორმაციის გადაგზავნა სხვა უწყებებისთვის
სტრასბურგის სასამართლომ სამინისტროს მიერ მონაცემების გადაცემის საკითხი განიხილა სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვინაიდან მონაცემთა გადაცემა განხორციელდა სახელმწიფო დაწესებულების მიერ.
შესაბამისად სასამართლომ იმსჯელა, იყო თუ არა ჩარევა გამართლებული, კერძოდ:
- მოხდა თუ არა ჩარევა კანონის შესაბამისად;
- ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზნებს; და
- იყო თუ არა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სასამართლომ დაადგინა:
- ჩარევის კანონშესაბამისობა: მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანმა, სამინისტროსთვის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვისას, ნაგულისხმევად გასცა თანხმობა საკუთარი მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის გადაცემის გზით. სტრასბურგის სასამართლომ ეს არგუმენტი უარყო და განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, „პაციენტის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებდა მონაცემთა გადაცემას მხოლოდ წინასწარი და მკაფიო თანხმობის საფუძველზე. ნაგულისხმევი თანხმობის მექანიზმი კანონით არ არის განსაზღვრული, რის გამოც მონაცემთა გადაცემა ვერ ჩაითვლებოდა „კანონის შესაბამისად“;
- ლეგიტიმური მიზანი და პროპორციულობა: სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ვერ დაასაბუთა ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების გადაცემის აუცილებლობა კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვა სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ ლეგიტიმური ინტერესი გაზიარებული მასალებისადმი, სამინისტროს შეეძლო გაეგზავნა „რედაქტირებული“ (დაშტრიხული) ვერსია ისე, რომ არ გაემჟღავნებინა მომჩივნის დიაგნოზი.
შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ სამინისტროს ქმედება: არ იყო კანონის შესაბამისად განხორციელებული, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და არ წარმოადგენდა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ ჩარევას.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მოლდოვას რესპუბლიკამ ვერ უზრუნველყო მომჩივნის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების სათანადო დაცვა და დაარღვია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლი.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მსგავსი დარღვევები საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვის ზოგად კულტურას და პაციენტთა ნდობას ჯანდაცვის სექტორისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტია.
[1] S.M. v. The Republic of Moldova, Application no. 56353/15, Judgment of 6 February 2025, ECtHR.