date

2025-12-12

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ


 

 

2025 წლის 13 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დენისიუკი და სხვები უკრაინის წინააღმდეგ (საჩივარი22790/19 და 3 სხვა საჩივარი)[1] გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 („პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება“) და 38-ე („საქმის განხილვისას სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“) მუხლების დარღვევა. საჩივარი შეეხებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების — მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ფარული ვიდეო/აუდიოჩაწერის შესაბამისობას კონვენციის სტანდარტებთან.

 საქმის ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნები იყვნენ უკრაინის მოქალაქეები: ბ-ნი სტანისლავ დენისიუკი („პირველი მომჩივანი“), ბ-ნი მიხაილო ბეილინი („მეორე მომჩივანი“), ბ-ნი მაქსიმ ბერეზკინი („მესამე მომჩივანი“) და ბ-ნი ნაზარ კულჩიცკი („მეოთხე მომჩივანი“).

პირველი, მეორე და მესამე მომჩივნები ფიგურირებდნენ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე 2016-2017 წლებში დაწყებულ მასშტაბურ გამოძიებაში, რომელიც ეხებოდა კორუფციულ სქემას. მეოთხე მომჩივანი, ადვოკატი ნაზარ კულჩიცკი, წარმოადგენდა მათ ინტერესებს შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებში.

ზემოაღნიშნული გამოძიების ფარგლებში, 2016-2017 წლებში, პირველი, მეორე და მესამე მომჩივნების მიმართ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ფარული ვიდეო/აუდიოჩაწერა. 2018-2019 წლებში კი, ბრალის წარდგენის შემდეგ, მომჩივნებს ეცნობათ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივნებმა აღნიშნული ქმედებების კანონიერება გაასაჩივრეს უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე:

  • პირველი და მეორე მომჩივნების შემთხვევაში „სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ“ დაადგინა, რომ ფარული მიყურადება და ვიდეო/აუდიოჩაწერა განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. ეს გადაწყვეტილება მომჩივნებმა გაასაჩივრეს და სტრასბურგის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის აღნიშნულ საკითხზე წარმოება კვლავ მიმდინარეობდა ეროვნულ დონეზე;
  • მესამე მომჩივნის შემთხვევაში, ფარულის საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხზე გამოძიება არც დაწყებულა. მიზეზად დასახელდა შესაბამისი მასალების განადგურება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება მეოთხე მომჩივანს, იგი იმ პერიოდში წარმოადგენდა ზემოხსენებული პირების ინტერესებს, როდესაც მათ მიმართ ხორციელდებოდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება. ბ-ნი ნაზარ კულჩიცკი განმარტავდა, რომ იგი 2016-2017 წლებში ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო ბრალდებულებთან: განიხილავდა მათ საქმეებს და გასცემდა იურიდიულ კონსულტაციებს ტელეფონით. შესაბამისად, მეოთხე მომჩივანს მიაჩნდა, რომ არსებობდა საგამოძიებო ორგანოების მიერ ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მაღალი ალბათობა. ბ-ნი ნაზარ კულჩიცკის მიერ შეტანილმა საჩივრებმა ეროვნულ დონეზე შედეგი არ გამოიღო.

მომჩივნის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე

მომჩივნები „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლზე დაყრდნობით, აცხადებდნენ, რომ:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა და მასში გათვალისწინებული გარანტიები პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფდა პირების უფლებების ეფექტიან დაცვას;
  • მოქმედი რეგულაციები არასაკმარისი იყო ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის საიდუმლოების დაცვის თვალსაზრისით და ვერ უზრუნველყოფდა პროფესიული საიდუმლოების ეფექტიან დაცვას.

 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება

  1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისობა კონვენციის სტანდარტებთან: ზოგადი პრინციპები

სტრასბურგის სასამართლომ პირველ რიგში მოიხმო მისი პრეცედენტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, „Big Brother Watch და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენდა განსაკუთრებით სერიოზულ ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად, ასეთი ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი:

  1. ხორციელდება „კანონის შესაბამისად“ და ეფუძნება მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს;
  2. ემსახურება კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზნებს;
  3. არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში; და
  4. მოპასუხე სახელმწიფომ უზრუნველყო სამართლიანი ბალანსი ინდივიდის უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კონვენციით დადგენილი კრიტერიუმის — „კანონის შესაბამისად“ — ფარგლებში მოითხოვს ეროვნულ დონეზე ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო გარანტიებს თვითნებური ჩარევისა და სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან დაცვისათვის.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს მკაფიო და დეტალურ ნორმებს, რომლებიც ნათლად განსაზღვრავს შემდეგ საკითხებს:

  • გარემოებებსა და დანაშაულთა კატეგორიებს, რომელთა არსებობისას დასაშვებია კომუნიკაციაზე ფარული მიყურადება;
  • ნებართვის გაცემის წესსა და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას;
  • მიყურადების ხანგრძლივობასა და მოპოვებული მასალის შენახვის ვადებს;
  • მოპოვებული მასალის შერჩევის, შემოწმების, გამოყენების, გადაცემის, შენახვისა და განადგურების პროცედურას;
  • დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის “ex post facto” (შემდგომი კონტროლის) პროცედურებს;
  • მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესსა და ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობას.
  1. მომჩივნების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება

უკრაინის ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ მომჩივნების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით — ავტორიზაცია გაცემული იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მოქმედებების პროცესში დაცული იყო შესაბამისი გარანტიები, ხოლო მოპოვებული მასალა დამუშავდა კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

თუმცა, აღნიშნული მტკიცების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა სტრასბურგის სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენაზე, რომლებიც დაადასტურებდა ამ გარემოებებს — დაწყებული ავტორიზაციის არსებობიდან, მოპოვებული მასალების დამუშავების კანონიერების ჩათვლით.

(ა) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ავტორიზაცია

სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ უკრაინის ეროვნულ კანონმდებლობაში მართლაც არსებობდა შესაბამისი ნორმები, რომლებიც ითვალისწინებდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ავტორიზაციას — ეროვნული სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გაცემის გზით. თუმცა, პრაქტიკაში მომჩივნებს უარი ეთქვათ აღნიშნულ განჩინებებზე წვდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოტივით, ხოლო ხელისუფლებამ არც სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები. შედეგად, სასამართლომ ვერ დაადგინა, არსებობდა თუ არა შესაბამისი ავტორიზაცია —კერძოდ, ეროვნული სასამართლოების მიერ გაცემული განჩინებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე — და იყო თუ არა ისინი კანონიერად გაცემული.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტორიზაციის გამცემი მოსამართლე არ მონაწილეობდა ღონისძიებების შემდგომ კონტროლში — განხორციელების ეტაპს ზედამხედველობდა პროკურორი, დამოუკიდებელი ორგანოს ჩართვის გარეშე.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის ეტაპზე უკვე არსებობდა ისეთი სტრუქტურული ხარვეზები, რომლებიც არღვევდა კონვენციის მე-8 მუხლის სტანდარტებს.

 (ბ) ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფარული მეთვალყურეობის განხორციელებისას ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა საჭიროებს განსაკუთრებულად მკაცრ დაცვას.

აღნიშნულის საპირწონედ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კანონმდებლობა ზოგადად კრძალავდა ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციაში ჩარევას და ითვალისწინებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული არასაჭირო მასალის განადგურების წესს, მოქმედ ნორმებს არ ახლდა დეტალური და საჯაროდ ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავდა:

  • როგორ უნდა განცალკევდეს ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაცია მოპოვებული აუდიო/ვიდეო ჩანაწერებიდან;
  • ვინ იღებს გადაწყვეტილებას მასალის სტატუსზე — დაცულია თუ არა ის კომუნიკაციის საიდუმლოებით;
  • როგორ ხორციელდება ასეთი მასალის შენახვა და განადგურება; და
  • როგორ ხორციელდება აღნიშნულ პროცესებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობა.

სასამართლოს შეფასებით, ამგვარი სისტემა ვერ უზრუნველყოფდა ინდივიდების დაცვას თვითნებური ფარული მეთვალყურეობისგან.

 (გ) მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება და გასაჩივრების შესაძლებლობა

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართალი ზოგადად ითვალისწინებდა პირის ინფორმირებას მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ აღნიშნული გარანტია პრაქტიკაში ეფექტიანად არ მოქმედებდა.

კერძოდ, მართალია, მომჩივნებს ეცნობათ მათ მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, თუმცა მათ უარი ეთქვათ ავტორიზაციის განჩინებებსა და მასალების განადგურების აქტებზე წვდომაზე. შედეგად, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაესაჩივრებინათ ჩარევის კანონიერება.

სასამართლომ დაასკვნა, რომ შიდა სამართლებრივმა ჩარჩომ ვერ უზრუნველყო “ex post facto” კონტროლი და ჩარევის ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული შეფასებების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმეში სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის 38-ე მუხლის („საქმის განხილვისას სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება“) დარღვევა, ვინაიდან უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა წარედგინა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ავტორიზაციის დოკუმენტები, რაც არსებითად აუცილებელი იყო საქმის სათანადოდ განსახილველად.

 

[1] Denysyuk and Others v. Ukraine, Applications nos. 22790/19, 23896/20, 25803/20 and 31352/20, Judgment of 13 February 2025, ECtHR.

მსგავსი #Datanewsroom