2022-08-10
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.
სხდომაზე, ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის სტრატეგიული განვითარების ხედვა წარმოადგინა.
,,დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გასაზრდელად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოიაზრებს რამდენიმე სტრატეგიულ ამოცანას, პირველი ეს გახლავთ, რაღა თქმა უნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული კანონმდებლობის დახვეწა, მისი სრულყოფა, ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა. ასევე, აქ არის ფინანსური საკითხები, ადამიანური რესურსები, რეგიონალური დაფარვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეგიონალური წარმომადგენლობის გაზრდა. ასევე, არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები და მთელი რიგი საკითხები, რაზეც მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში“- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
სამუშაო ჯგუფში შედიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.